
საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0