23/06/2023
16:28
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ყურადღება დაეთმო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს. ითქვა, რომ გასულ წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ხაზი გაესვა ყაზახურ ინვესტიციებსა და ქვეყანაში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობას: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის, IT ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას. აგრეთვე, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მრავალი წელია, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი და საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0