03/03/2022
17:33
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული.
„შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.
ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.
ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.
საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა. 1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0