
ინდოეთის პოლიციამ მტრედი გაათავისუფლა, რომელიც ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის გამო მტრედმა გალიაში 8 თვე გაატარა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მტრედი მუმბაის პორტის სიახლოვეს 2023 წლის მაისში დაიჭირეს. მის ფეხებზე 2 ბეჭედი იყო დამაგრებული, რომლებზეც იეროგლიფები იყო დატანილი. იეროგლიფები ჩინურს ჰგავდა. პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ მტრედი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა და ის ჯერ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ კი ცხოველთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების დროს დადგინდა, რომ ფრინველი მტრედების შეჯიბრებიდან გაიქცა, რომელიც ტაივანში იმართებოდა. მსგავსი ტიპის შეჯიბრებებს ცხოველების უფლებების დამცველები აკრიტიკებენ, რადგანაც ხშირია ფრინველების დაღუპვის ფაქტები.
გამოძიების დასრულების შემდეგ პოლიციამ მტრედი გაათავისუფლა.
0
0