
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა კიევს მოუწოდა, დაუწიოს ტონს და ხელი მოაწეროს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა. ამის შესახებ უოლცმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
უოლცმა გამოხატა თეთრი სახლის იმედგაცრუება იმის გამო, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო „ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობა, ჰყოლოდა აშშ, როგორც თანაინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, მის რესურსებში და ჰყოლოდა ნამდვილი პარტნიორი უკრაინის მომავალში, ისეთი გზით, რომელიც გახდებოდა საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია, რაც უკრაინას სურს“.
უოლცმა ახსენა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის იმედგაცრუება მიუნხენში შეხვედრაზე შეთანხმების ხელმოწერაზე კიევის უარისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის გამო, რომელმაც, უოლცის მტკიცებით, ტყუილად გაიარა გზა კიევამდე.
„იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა, მათ უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას“, – თქვა უოლცმა.
ამასთან, ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის უთანხმოების აღმოფხვრა შესაძლებელია.
„ჩვენ ბევრი გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ის, რომ გვსურს, შევცვალოთ ჩვენი დახმარების ხასიათი, არ შეიძლება, ვინმეს სწყინდეს. პრეზიდენტი მზად არის, ამ ომის დასასრულისკენ წაიყვანოს საქმე“, – ხაზი გაუსვა მაიკ უოლცმა.
უოლცმა ასევე უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები კიევისა და ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
„მოლაპარაკების მაგიდასთან ერთდროულად ყველას მოწვევა წარსულში არ მუშაობდა. ამიტომ ჩვენ ჩავრთეთ ერთი მხარე, ჩავრთეთ მეორე მხარე და შემდეგ გვექნება პროცესი, რომელიც წინ წავა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა უოლცმა.
იშვიათი ლითონების შესახებ გარიგების დადება ტრამპს თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა 2024 წლის ნოემბერში. 2025 წლის თებერვალში კიევმა აშშ-ის სახაზინოს დეპარტამენტის უფროსს, სკოტ ბესენტს გადასცა „პარტნიორობის შეთანხმება“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესაძლებლობას, აშშ-სთვის საბადოებზე პრიორიტეტული წვდომის უფლების მინიჭებით.
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზება სცდებოდა იშვიათი ლითონების მოპოვების საკითხს და მოიცავდა ნავთობს, გაზს, პორტებს და სხვა ინფრასტრუქტურას. მედიის ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას სურდა, აშშ-ს მიეღო უკრაინის რესურსების მოპოვებიდან მიღებული მიმდინარე შემოსავლების ნახევარი, ასევე მესამე მხარეებზე გაცემული ყველა ახალი ლიცენზიის ღირებულების ნახევარი.
ცნოსბისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე და განმარტა, რომ მასში არაფერი არ იყო ნათქვამი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
0
0