
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ მან შუშაში, მეოთხე გლობალური მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
„2023 წელს ჩვენ, ჩვენი კანონიერი უფლების გამოყენებით, ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, აზერბაიჯანის დასასჯელად, შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ალიევის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არ ყოფილა და რეალურად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, იქ ყოფნას რა აზრი აქვს?“, – განაცხადა ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, რის გამოც, მისი თქმით, ქვეყანა ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღარ აღიარებს.
„უკვე ორი წელია, დისკრიმინაციას ვაწყდებით. ღიად ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ წევრობის შეჩერებას ან გაყინვას, არამედ ევროპის საბჭოდან სრულ გასვლასაც განიხილავს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მას პირადად სთხოვა, ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა ეცადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროპის საბჭო აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს, ქვეყანა ორგანიზაციაში მუშაობას დაუბრუნდება. მისი შეფასებით, სწორედ ევროპის საბჭომ მიიღო „უსამართლო და არალეგიტიმური“ გადაწყვეტილება, ამიტომ შეცდომაც თავად უნდა გამოასწოროს.
სიტყვის დასასრულს, ალიევმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს, ამას პრაქტიკულად ვერავინ იგრძნობს, შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს.
„აქ ბევრი არაფერი შეიცვლება. შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია. აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა და ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენ 2001 წელს ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით შევუერთდით. მაშინ ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებითა და იმედით შევედით, რომ ის ჩვენი მთავარი საკითხის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნა ალიევმა.
0
0