
იემენის ქალაქებში, ასობით ათასი ადამიანი კვლავ აპროტესტებს ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას. იემენი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ღაზაში მიმდინარე ომის ცენტრში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ჰუსიტი მებრძოლის განცხადებით, „მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ [ჰუსიტები] ვართ ერთადერთი ძალა, ვინც ისრაელს ებრძვის და ვიცავთ ჩვენს ძმებსა და დებს პალესტინაში“.
იემენში გაეროს წარმომადგენლის, ჰანს გრუნდბერგის პროგნოზით, არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა იემენი ომის ახალ ციკლში დააბრუნოს.
როგორც Sky News-ი წერს, იემენში, შიმშილის კრიზისის ზრდის ფონზე, ბავშვები იღუპებიან. ალ სადაქას საავადმყოფოში, ექიმები მოშიმშილე ბავშვების მზარდი რაოდენობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. შიმშილის პრობლემა სულ უფრო მძიმდება.
„ყოველ დღე, მზარდი რაოდენობით შემოგვყავს დიარეით და არასწორი კვებით გამოწვეული პრობლემების მქონე პაციენტები. ისინი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიღუპონ,“ - განუცხადა Sky News-ს ალ სადაქას საავადმყოფოს ექიმმა მუჰამედ რაჯემ.
იემენი, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს, ასევე ქოლერის ახალი აფეთქების წინაშე დგას. ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, დაავადების აფეთქება გამოწვეულია სიღარიბით, უხარისხო წყლით და კანალიზაციით, რომელიც გავლენას ახდენს საკვებზე.
სამოქალაქო ომმა საშინელი ზიანი მიაყენა იემენს და ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. თუმცა ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონული გავლენით გამოწვეული დამატებითი დაძაბულობა შეიძლება იემენისთვის დამანგრეველი იყოს.
”ჩვენი ქვეყანა გაყოფილია და გვაქვს ყველა ეს პრობლემა, როგორიცაა ინფლაცია. ჩვენთან ომია... და ახლა კიდევ ერთი გარე ომი გვემატება... ეს ყველაფერი მოქმედებს მოსახლეობის ცხოვრებასა და ამავდროულად, ჯანმრთელობაზე,“- თქვა ალ სადაქას საავადმყოფოს ექიმმა სალეჰ დობაჰმა.
0
0