
იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით დაიკლო და 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 8.4%-ით 28.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების კლება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
„იანვარში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 62.4%-ით, 25.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა მაღალი ტემპებით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან, ესპანეთიდან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები (შესაბამისად, 23.2%, 21.1% და 19.1%-ით). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას, ხოლო ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 49.5%-ით დაიკლო.
იანვარში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.1%), აშშ (19.5%) და რუსეთი (10.5%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0