18/03/2023
10:02
მსოფლიო
“გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განაგრძობს შეხვედრებს და საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მას შემდეგაც, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა”, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გუტერეშის ოფისის წარმომადგენელმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დამოუკიდებელია სამდივნოსგან (გაერო) და ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ გვჯერა, რომ გენერალური მდივანი დაელაპარაკება ყველას, ვისთანაც უნდა ისაუბროს იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც მის წინაშე დგას“, - განაცხადა გუტერეშის სპიკერმა.
მანვე თავშეკავებით უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ამჟამინდელ პირობებში, რუსეთის პრეზიდენტს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეოის გარანტია მისცეს, თუ ისინი რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩატარდება.
„როგორც ვთქვი, ეს ყველას ეხება: გენერალური მდივანი ელაპარაკება ყველას, საჭიროების შესაბამისად…“, - თქვა გუტერეშის სპიკერმა.
ცნობისთვის, გუშინ ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის მიმართ დაკავების ორდერი გასცა.
0
0