
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
„შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ?
უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა — ოპერატიული სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა.
ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით.“ - წერს აბაშიძე.
0
0