ნიკარაგუამ გაეროს უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ გერმანიის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა შეაჩეროს. ისრაელში სამხედრო ტექნიკის გაგზავნისა და გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეწყვეტის გამო გერმანიას ბრალად ედება გენოციდის შესახებ გაეროს კონვენციის დარღვევა.
როგორც ცნობილია, 2023 წელს, ისრაელმა [300 მილიონი ევროს ღირებულების] სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 30% გერმანიისგან შეისყიდა. ისრაელი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის, ღაზაში მიმდინარე კამპანიის დროს, გენოციდს ახორციელებს და ამტკიცებს, რომ მას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.
ნიკარაგუას მტკიცებით, 2023 წელს, გერმანიამ ისრაელს 326,5 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდა, რაც 2022 წელს გაყიდულ რაოდენობაზე ათჯერ მეტია, და ამ გზით, ის ისრაელის მიერ ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულების თანამონაწილე ხდება. საინფორმაციო სააგენტო Deutsche-ის ცნობით, გაყიდვების უმეტესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის კომპონენტებია.
გერმანია ასევე იმ 15 დასავლურ ქვეყანას შორის იყო, რომელმაც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოების ორგანიზების სააგენტოს (UNWRA) დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმებში მონაწილეობდა.
გაეროს უზენაეს სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, ნიკარაგუას სურს, რომ სასამართლომ ბერლინს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერება დაავალოს და შემდეგ ღაზაში ჯერ კიდევ მოქმედი ერთ-ერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის დაფინანსება განაახლოს. „გერმანია ხელს უწყობს გენოციდის განხორციელებას და მის თავიდან ასაცილებლად არ ასრულებს თავის ვალდებულებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ბერლინი გაეროს უზენაეს სასამართლოში ნიკარაგუას მიერ შეტანილ სარჩელს აპროტესტებს.
„გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის შესახებ კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ჩვენ ამას დეტალურად წარმოვადგენთ საერთაშორისო სასამართლოში“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა.
0
0