
გერმანია ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არმქონე უცხოელების დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს - იუწყება Deutsche Welle.
ირკვევა, რომ შესაბამისი კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მხარდაჭერით მიიღო.
Deutsche Welle–ს ცნობით, ახალი კანონის თანახმად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10-იდან 28 დღემდე გაიზარდა. ასევე, ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად, პოლიციას მიეცა უფლება, ჩხრეკა არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც ჩაატარონ, მათ შორის ღამით. ასევე, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ.
გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, გამონაკლისი მხოლოდ იმ ოჯახებისთვის დაიშვება, რომლებსაც 12 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ.
0
0