
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.
ეს რეზოლუციის ის ვერსიაა, რომლის ერთ-ერთი პირველი თანასპონსორი, The Wall Street Journal-ის ცნობით, საქართველო იყო.
24 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე, დოკუმენტს მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ათმა, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა და ჩინეთმა. კიდევ ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის მუდმივმა წევრებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ეს არის პირველი შემთხვევა უკრაინაში ომის დაწყებიდან, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ შეძლო და მიიღო რეზოლუცია.
რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში, ვასილი ნებენზიამ, მას უწოდა საწყისი წერტილი მშვიდობიანი მოგვარებისკენ შემდგომი ძალისხმევისთვის.
მანამდე, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ორი განსხვავებული რეზოლუცია უკრაინაში ომის შესახებ. პირველი დოკუმენტი შეადგინეს უკრაინამ და ევროკავშირის ქვეყნებმა. მასში შედის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისადმი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც შეესაბამება გაერო-ს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას მხარი დაუჭირა 93 სახელმწიფომ, თავი შეიკავა 65-მა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 18-მა, მათ შორის რუსეთმა და აშშ-მა. მეორე რეზოლუცია მომზადებული იყო აშშ-ის მიერ. მასში არ არის რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობა, ომი მოხსენიებულია როგორც „კონფლიქტი“, არ არის ნახსენები რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიები, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა.
ევროპული ქვეყნების ინიციატივით რეზოლუციის პროექტში შეიტანეს ცვლილებები, რის შემდეგაც მასში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 93 სახელმწიფომ, 72 ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და უკრაინამ, თავი შეიკავეს. რუსეთმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
0
0