
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.
ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. შემდეგ ეტაპზე ანგარიში კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
ანგარიშში ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მიმართ ევროკავშირის შემდგომი ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადაუხვევს თუ არა მთავრობა ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ კურსს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე, ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს — დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით.
ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე, მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ.
„სამწუხაროდ, კვლავ მოგახსენებთ, რომ საქართველოში პროგრესი არ შეიმჩნევა; პირიქით, ქვეყანა სწრაფად აგრძელებს ჩაძირვას ავტორიტარული მმართველობის ჭაობში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაააქტიურა რეპრესიები ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამავდროულად სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პოლიტიკური პატიმრები კვლავ უკანონოდ არიან დაკავებული, ხოლო სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ რჩება პატიმრობაში სათანადო საერთაშორისო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. პოლიტიკური პატიმრების არსებობა ძირეულად შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.
როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, დროა, ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციები დაწესდეს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
„ამ კონტექსტში, მოხსენება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებასთან ნებისმიერი ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული და გადამოწმებადი ნაბიჯებით ამ კურსის უკუქცევისთვის, და კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ რეჟიმის ლეგიტიმაციისგან პოლიტიკური კონტაქტების გზით. ამიტომ, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს ის, თუ რამდენად ცოტა გაუკეთებიათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ახლა უკვე დროა გადავიდეთ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციების დაწესებაზე რეპრესიებისა და სახელმწიფოს მიტაცებაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. იმედი გვაქვს უნგრეთის მომავალი მთავრობის, რომ საბოლოოდ მოხსნას ბლოკადა და მისცეს საშუალება მიზანმიმართული ღონისძიებები გატარდეს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
„ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ სრული ავტოკრატიისკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს: დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას; ოპოზიციური ფიგურების დევნას; ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას; ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე, დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგაირიშის თანახმად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, აამოქმედოს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო, მათ შორის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის გზით, გაუმკლავდეს ოლიგარქიზაციის პრობლემას და გააუქმოს რეპრესიული საკანონმდებლო აქტები. მოხსენება ასევე მოუწოდებს საქართველოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ხაზს უსვამს, რომ ასეთი პატიმრების მხოლოდ არსებობაც კი, შეუთავსებელია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღოს კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბის შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ — სანქციების სიების გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი, მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად.
ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამასთანავე ხელახლა ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, და მკაცრად გმობენ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რუსულ ოკუპაციას. მოხსენება მოუწოდებს მტკიცე ქმედებებისკენ, მათ შორის: ევროკავშირის შემზღუდველ ზომებთან სრულ შესაბამისობას, ეფექტიანი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებს, და გამჭვირვალე თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნავთობის ექსპორტისა და რუსულ და ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების ჩათვლით.
0
0