
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილის ადვოკატების, მიხალის დიმიტრაკოპულოსის და ანდრე რისოპულოსის განცხადებით, მათი კლიენტი ბელგიის ციხეში აწამეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა L'Unione Sarda წერს.
„11-13 იანვარს ევა კაილი მოსამართლის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფებოდა. 16 საათის განმავლობაში ის პოლიციის განყოფილებაში, სიცივეში იმყოფებოდა. მას წაართვეს პალტო და უარი უთხრეს მეორე საბანზე. ოთახში შუქი ენთო, რაც მას დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ეს წამებაა.
ევა კაილი ეჭვმიტანილია, მაგრამ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ ვიმყოფებით ევროპაში, ეს ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შუასაუკუნოვან პრაქტიკას წარმოადგენს“, - აცხადებენ ევა კაილის ადვოკატები.
მათივე განცხადებით, ციხეში გატარებული 6 კვირის განმავლობაში ევა კაილიმ თავისი ორი წლის შვილი მხოლოდ ორჯერ ნახა.
ცნობისთვის, ბელგიის სასამართლომ ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა.
0
0