
ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა.
ევა კაილის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ევროპარლამენტარი გაეთავისუფლებინათ და მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო.
მისმა უფლებადამცველებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ციხის იმ არაადამიანურ პირობებზე, რომელშიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრიუსელის მახლობლად მდებარე, ჰარენის ციხეში გადაყვანამდე იმყოფებოდა.
როგორც მათ აღნიშნეს, 44 წლის ქალს პატიმრობის დაწყების დღიდან, თავის ქალიშვილთან შეხვედრის უფლება თვეში მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა.
გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას, რომ ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან – კამერაში ცივა, ხოლო მას კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ ევა კაილი ბელგიის პოლიციამ გასული წლის 9 დეკემბერს დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას პარლამენტის იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოუხსნეს, მოგვიანებით კი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდება წარუდგინეს. მისი ბრიუსელის საცხოვრებელ სახლში 150 000 ევროზე მეტის ოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს.
ევა კაილის დაცვის ჯგუფი განაგრძობს მისი უდანაშაულობის მტკიცებას და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კაილის პარტნიორი და მისი ქალიშვილის, ფრანჩესკო ჯორჯის მამა, რომელიც ბრალდებულია ზუსტად იმავე დანაშაულებში, ასევე რჩება ციხეში.
ბელგიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიება ფოკუსირებულია სავარაუდო ნაღდი ფულის მოპოვების სქემაზე, რომელიც მოიცავდა „დიდ ოდენობის“ თანხებს და „სოლიდურ“ საჩუქრებს, რომლებიც გადახდილია კატარისა და მაროკოს მიერ, რათა გავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიმღებებზე.
აღსანიშნავია, რომ კატარმა და მაროკომ კატეგორიულად უარყვეს ბრალდებები და მას უსაფუძვლო უწოდეს.
0
0