
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შედგა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა და ტოლერანტობის დღე მიულოცა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა კულტურის შეხვედრის ადგილი, ქალაქი, რომელმაც ბევრი რამ მიიღო განსხვავებული ტრადიციებისგან და თავადაც ბევრი რამ შესძინა მათ. მისივე თქმით, სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შექმნა თბილისის განსაკუთრებული ხასიათი და იდენტობა.
„საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ტოლერანტობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ქალაქის წარსული სხვადასხვა კულტურის, ეთნოსისა და რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიაა. თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც განსხვავებული წარმომავლობის, სარწმუნოებისა და ტრადიციების ადამიანები არა მხოლოდ ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით, არამედ ერთად ქმნიდნენ ქალაქის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენი ვალია, ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო, რომელიც ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ამ ღირებულებების დაცვასა და გამდიდრებას ემსახურება. გილოცავთ ტოლერანტობის დღეს, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ძალა მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობაშია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაზე საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს თბილისის მრავალეთნიკური სათემო საზოგადოების თანადგომისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ამაგდარის“ საპატიო სიგელი გადასცა.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
როგორც ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, განაცხადა, ტოლერანტობის დღის აღნიშვნა საკრებულოში უკვე ტრადიციად იქცა.
„უკვე 11 წელია ერთად აღვნიშნავთ ტოლერანტობის დღეს თბილისის საკრებულოში. ეს დღე ყველას კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და თანადგომა. თბილისი მხოლოდ ქალაქი არ არის - ეს არის ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ცნობიერება, ჩვენი იდენტობა. თბილისი არის სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ეთნოსის თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითი.
ჩვენს სივრცეში მუშაობს ეთნიკური უმცირესობის საბჭო, რომელიც ღირებულებების ერთობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის სივრცეა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ინარჩუნებთ თქვენს კულტურასა და ტრადიციებს, უფრთხილდებით და ამავდროულად პატივს სცემთ სხვათა ტრადიციებსა და კულტურას - სწორედ ესაა ნამდვილი თანაცხოვრება, მეგობრობა და ტოლერანტობა.
მჯერა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება უფრო მეტად გვაახლოებს, გვაძლიერებს და გვასწავლის, რომ ადამიანებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ღირებულებებია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დამსწრეთ სიტყვით ასევე მიმართა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობისა და სათვისტომოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ანსამბლ „ნერგების“ ქართული ცეკვის მუსიკალური ნომრით გაიხსნა და ამავე ანსამბლის შესრულებული სიმღერით „თბილისო“ დასრულდა.
16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 1996 წლიდან აღინიშნება.
0
0