
ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში მიზანმიმართული და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ.
ევროკომისია განმარტავს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა.
„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის დარბევამ, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფილიყო, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ვიზების ლიბერალიზაცია“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, დღეს კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმაროს.
„სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის გარე საზღვრებს გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის აკრძალვა. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა, რომელიც ევროკავშირში თანდათანობით ინერგება გასული წლის ოქტომბრიდან, უზრუნველყოფს უსაფრთხოების შემოწმების დამატებით ფენას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, როდესაც ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს აკეთებენ, წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვონ ამ განმცხადებლებისგან დამადასტურებელი დოკუმენტები.
„წევრმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ვიზების გაცემაზე, თუ განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0