22/11/2025
11:40

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება რუსეთისთვის ხელსაყრელია. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა Novinky წერს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ფიცომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ „გრანდიოზული მასალა“ უწოდა და დაამატა, რომ „იმ უმნიშვნელო გავლენის ფარგლებში, რომელიც სლოვაკეთს აქვს ევროკავშირში, ამ შეთანხმებას მხარს დაუჭერს“.
„ეს შეთანხმება თუ გაფორმდება, რუსეთი აბსოლუტური გამარჯვებული გამოვა“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, რუსეთი გაძლიერდება „მორალურად და ეკონომიკურად“.
ფიცოს აზრით, ეს „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის უარესია, ვიდრე 2022 წლის სტამბოლის შეთანხმებები. როგორც ფიცომ აღნიშნა, ამ გეგმაში იგი ხედავს შესაძლებლობას, რომ ფრონტის ხაზზე დაუყოვნებლივ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა.
ფიცომ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის აღდგენაში 100 მილიარდის ინვესტიციის დაბანდებას ისე, რომ „ევროკავშირს არაფერს ეკითხებიან“.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გავრცელდა. ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“. აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.
1ტვ.
0
0