08/08/2022
15:52
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო და ამის შემდეგაც სამივე პრეზიდენტი სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში გარდაცვლილებს, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას აგვისტოს ომის თარიღის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ომი 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„გადახედეთ არქივს, 2015-2016 წლიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო გამიჯვნა გლოვის დღიდან და დაიწყო ალტერნატიული გლოვის დღის დაწესების ტენდენცია,. ეს არის საქართველოს ისტორიის წინაშე არასწორი საქციელი. ეს ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში ან 6-ში, ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და არ დასრულებულა არც 12 აგვისტოს, ეს ომი დღემდე გრძელდება. მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ომი არ დასრულდება. ჩახედეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო და დაამტკიცა ოკუპაცია. იქ ყველაფერზეა პასუხი გაცემული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მოაწერა ხელი.
„ბევრი პერიპეტიის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწია აღიარება, რომ ეს რეზოლუცია ამ შინაარსით იყო საზიანო. დღემდე ცდილობენ გამართლებას, თითქოს დადებითი პუნქტების გამო დაუჭირეს მხარი, რაც აბსოლუტური ტყუილია. იმ რეზოლუციას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავდა. ცუდი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელით დელეგაციაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩანაწერებს, რომელსაც, თავადაც აღიარებენ, რომ საზიანოა. ფაქტია, რომ გამართლება ამ ქმედებას არც პოლიტიკური და არც ტექნიკური არ აქვს. სწორედ ეს არის ფაქტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, როგორ უდიერად ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს ინტერესებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0