
ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა, თავიდან ყალბი ეგონა.
„რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს... თავიდან „ფეიკი“ მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა და იხუმრა,“ - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია“.
მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე და ბუნებრივია, მასაც „ძალიან მძიმე რეაქცია“ ექნებოდა. კობახიძის თქმით, ასეთი რამ თეორიულად რომ მოხდეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
0
0