19/05/2023
15:07
მსოფლიო
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განსაკუთრებული და მზარდი ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების პარალელურად, ამგვარი დამოკიდებულების გამო, ანკარაზე ზეწოლა ხორციელდება,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CNN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მომავალ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე.
„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, როგორც ეს დასავლეთმა გააკეთა. ჩვენ არ გვბოჭავს დასავლეთის სანქციები. ჩვენ ძლიერი სახელმწიფო ვართ და რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს. რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ. დასავლეთმა უნდა შეიმუშაოს დაბალანსებული მიდგომა [რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა] ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც რუსეთია,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, თურქეთის ლიდერმა გადამწყვეტი დაბალანსების პოზიცია დაიკავა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც "პროუკრაინული ნეიტრალიტეტი". რეჯეფ ერდოღანმა ხელი შეუწყო საკვანძო შეთანხმების დადებას - შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას. შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა, ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე.
„ეს შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ პუტინთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის წყალობით,” - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა CNN-ს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე კომენტირებისას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 28 მაისს უნდა გაიმართოს.
როგორც ცნობილია, რეჯეფ ერდოღანმა ასევე ხელი შეუწყო უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას. გარდა ამისა, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროებს თურქეთში უმასპინძლა და კიევს იარაღი მიაწოდა.
თურქეთის ლიდერმა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში მხარს უჭერდა შეიარაღებულ ისლამისტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს, თქვა, რომ მას ასევე სურს ახალი ფურცელი გადაშალოს ბაშარ ასადის მთავარი მხარდამჭერის, ვლადიმერ პუტინის მეშვეობით.
„პრეზიდენტ პუტინთან ჩემი მეგობრობით, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კარის გაღება, განსაკუთრებით, ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, რაც მჭიდრო თანამშრომლობას და სოლიდარობას მოითხოვს“, - აღნიშნა რეჯეფ ერდოღანმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთი მებრძოლების მოქმედების კომენტირებისას.
”თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ვერ ვხედავ რაიმე დაბრკოლებას ჩვენი შერიგების გზაზე,” - თქვა მან და დასძინა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ჯარების ყოფნა შენარჩუნდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას „900 კმ-იანზე მეტი საზღვარი ჰყოფს, სადაც თურქეთის სამხედრო ყოფნის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.“
0
0