
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, მასთან დეესკალაციის შესახებ მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე, სისუსტის აშკარა ნიშანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს სანქციები და დაუშვას რუსული დიზელის საწვავის მიწოდება გლობალურ ბაზრებზე.
„ეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ეს უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეტ ადამიანს მოკლავს, უფრო დიდხანს იბრძოლებს, კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს ამერიკას და კიდევ უფრო მეტ დანაკარგსა და ზიანს მიაყენებს მსოფლიოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მზადაა, დეესკალაციისკენ საპასუხო ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ამ პოზიციის შესახებ.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დიდი ხნის ტერორის კამპანიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა არ გაანადგურებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თუ რუსეთი არ გაანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს.
„ჩვენ ვთავაზობთ ამერიკას სწორედ ამ ტიპის შეთანხმებას. გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალები აქვს ასეთი კომპრომისის მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების შემსუბუქება უკრაინაში მშვიდობის მიღწევას არ შეუწყობს ხელს.
„პუტინისადმი საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს და ცივილიზებულ სამყაროს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. რუსეთი დიზელის საწვავისთვის „გადაიხდის“ შემდგომი ტერორითა და საზიზღარი ქმედებებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა ომში ინვესტიციაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს.
„ჩვენ გვჭირდება რუსეთთან რეალური დეესკალაცია და სარკისებური ფორმატით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ასევე დაიცავს უკრაინელების სიცოცხლეს.
„ჩვენ იმედი გვაქვს ამერიკის სამართლიანი მხარდაჭერის უკრაინაში სიცოცხლის, ადამიანების დაცვის და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შესაბამისი გადამწყვეტი საუბრის. მტკიცე და არა სუსტი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0