
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“, გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაფართოებას.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დამსწრე საზოგადოებას კი მისასალმებელი სიტყვით დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო ნოიგებაუერმა მიმართა. ღონისძიება აერთიანებს ორი ქვეყნის სტუდენტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომელთათვისაც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ცოდნის გაზიარების, კვლევითი გამოცდილების ურთიერთგამდიდრებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, „German-Georgian Student Conference’ ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას საერთო სამეცნიერო სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაუზიარონ ერთმანეთს სამეცნიერო გამოცდილება, განიხილონ აქტუალური საკითხები და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

„თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემაში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცოდნის ინტერნაციონალიზაცია, კვლევითი გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა აკადემიურ გარემოში ჩამოყალიბებული მიდგომების ურთიერთშეჯერება ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა სამეცნიერო კომპეტენციების განვითარებას, ისე უნივერსიტეტებს შორის მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, GGSC ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა საკუთარი აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ, მიიღონ განსხვავებული კვლევითი გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ურთიერთობების არეალი.
III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით. მონაწილეები აკადემიურ საზოგადოებას საკუთარ კვლევებსა და მიღებულ შედეგებს გააცნობენ, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დისკუსიის განვითარებას, კვლევითი ინტერესების წარმოჩენასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებას. კონფერენციის ფორმატი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა კვლევით საქმიანობას დაუკავშირონ.
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ისინი ხელს უწყობს კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებას. სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და წარდგენა მოითხოვს საკვლევი პრობლემის განსაზღვრას, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას, არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებასა და მიღებული შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოჩენას. საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული პროცესი დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან განსხვავებული აკადემიური გამოცდილების მქონე მონაწილეებთან კომუნიკაცია კვლევითი საკითხების მრავალმხრივ გააზრებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის საფუძველს ქმნის“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის ინფორმაციით, 2026 წლის კონფერენციაში მონაწილეობს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 10 სტუდენტი და ორი პროფესორი. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. კონფერენციის კრებულის გამოცემა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში განხორციელდება, რაც ქართველი და გერმანელი სტუდენტების კვლევითი შედეგების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას და მათი ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამეცნიერო ნაშრომების კრებულში გაერთიანება ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი კვლევითი საქმიანობის დოკუმენტირების, შედეგების გაზიარებისა და აკადემიური კომუნიკაციის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ნაშრომების საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გამოქვეყნება სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
GGSC-ის მნიშვნელობა სტუდენტური ნაშრომების წარდგენითა და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებით არ შემოიფარგლება. კონფერენცია საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობასა და ახალი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობების ჩამოყალიბებასაც ემსახურება. უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კავშირების განვითარება ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების მიმოცვლას, კვლევითი მიმართულებების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
0
0