„შეერთებული შტატები და ვიეტნამი ჰანოისთვის Lockheed Martin C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიყიდვის საკითხს განიხილავენ,“ - განუცხადეს Reuters-ს ანონიმურმა პირებმა.
წყაროების თქმით, 2024 წელს, მოლაპარაკებებს შესაძლოა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე შეთანხმება მოჰყვეს, რაც ვიეტნამის სამხედრო გარიგების ნაწილია. როგორც ცნობილია, ვიეტნამმა 2022 წლის ბოლოს საჯაროდ განაცხადა, რომ ის თავდაცვითი მარაგების დივერსიფიკაციას აპირებდა, რომელიც ათწლეულების მანძილზე, ძირითადად, რუსეთზე იყო დამოკიდებული.
C-130-ს შეუძლია ჯარისკაცების გადაყვანა და სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების გადაზიდვა, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ვიეტნამის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის.
„შესაძლოა, შეერთებული შტატები ჰანოის ფინანსურად დაეხმაროს. ეს შეიძლება იყოს ათობით მილიონი დოლარი, რაც ტექნიკურ და სხვა ხარჯებს დაფარავს. გასაყიდად განიხილება თვითმფრინავის უახლესი მოდელი C-130J,“ - აღნიშნა ვიეტნამელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან ინტერვიუში.
წყაროებმა შესაძლო გარიგების მთლიანი ღირებულებისა და განსახილველი თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს და არც თავიანთი ვინაობა დაასახელეს. ასევე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა თეთრმა სახლმა და ვიეტნამის თავდაცვის სამინისტრომ.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული დისკუსიები ხაზს უსვამს ჰანოიზე გავლენის მოსაპოვებლად შეერთებული შტატების მზარდ ძალისხმევას - ვიეტნამის ომის დასრულებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ.
0
0