24/06/2023
15:18
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, „საქართველო ბოროტების და წაგებულის მხარეს აღმოჩნდა“.
„უკრაინელი მებრძოლების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და ბოროტების იმპერიის რღვევას. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში, საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სრულიად ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ - საქართველოში არანაირი უშიშროების საბჭო არ არსებობს. არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო, შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო. ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ: პირველი - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ამბობდნენ მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო? - ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავ ფულს და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები რომ ცხოვრობენ? საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო ომის პირობებში დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევა მოხდეს, რაც მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას გულისხმობს, მათი სურვილის შემთხვევაში. ასევე, საქართველოში ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ევროპა ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არის ის, რასაც ახლა უყურებს მსოფლიო - არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება. ეს უნდა რუსეთს საქართველოშიც და ეს უნდა კობახიძეს და ივანიშვილსაც, ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა.პრიგოჟინის განცხადებების გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.„ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.
0
0