
შეერთებულ შტატებს თუ სურს ან მზად არის, ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე, ეს ძალიან კარგია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი არ აპირებს მონაწილეობას რაიმე ოპერაციაში, რომელიც ძალის გამოყენებას გულისხმობს.
„დღეს, როდესაც ვითარებას ვუყურებ, თუ შეერთებულ შტატებს სურს ან მზად არის ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის, ეს ძალიან კარგია. ეს არის ის, რასაც თავიდანვე ვითხოვდით, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას რაიმე ოპერაციაში, რომელიც ძალის გამოყენებას გულისხმობს, იმ ჩარჩოში, რომელიც ჩემი აზრით, ნათელი არ არის. ამიტომ შევქმენით დროებითი მისია, რომელზეც ვმუშაობთ – სამხედრო დაგეგმვა ლონდონში განხორციელდა. თუმცა, რაც ყველაზე მეტად გვინდა, არის ჰორმუზის სრუტის ერთობლივი გახსნა ირანისა და შეერთებული შტატების მიერ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, უზრუნველვყოთ თავისუფალი ნავიგაცია და ეს შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე მოხდეს,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, მისივე თქმით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა აუცილებელია.
„გუშინ ღამით კიდევ ათობით ადამიანი დაიღუპა. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული იყოს. სინამდვილეში, ეს არის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა აიღეს და ამას ლიბანის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ვამბობ,“ – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ევროპელები საკუთარი უსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.
„ევროპელები საკუთარ ბედს საკუთარ ხელში იღებენ, ზრდიან თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს და იღებენ საკუთარ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მაკრონმა.
0
0