
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა და დაინტერესდა იმ გამოწვევებითა და ტელევიზიაში დანერგილი პრაქტიკით, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს მოჰყვა.
დეპუტატის განმარტებით, საქართველოში არსებული დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია ტელევიზიები ობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ახერხებს და ამას საერთაშორისო კვლევები და შეფასებებიც ადასტურებს.
„მადლობა ბატონო ვასილ წარმოდგენილი ანგარიშისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების წარმართვისთვის. მე პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავამახვილებ ყურადღებას. მოგეხსენებათ დაძაბული პოლარიზებული ვითარებაა საქართველოში და ნებისმიერი ტელევიზიის სწორი პოზიცია და ობიექტურად გაშუქება მოვლენებისა თუ სხვადასხვა თვალსაზრისის, არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივ არხს ამ მიმართულებით საყვედური არ ეთქმის, ყოველთვის ობიექტურად აშუქებს მოვლენებს და ამას მოწმობს არა მარტო საქართველოში გავრცელებული შეხედულება და სხვადასხვა კვლევები, არამედ საზღვარგარეთის წამყვანი და პრესტიჟული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები. ბატონო ვასილ, ბოლო პერიოდში რამდენიმე კანონი მივიღეთ, რომელიც პირდაპირ ეხება მაუწყებლობას. ერთი იყო 2023 წელს, რომელიც შეეხებოდა ევროდირექტივების დებულებების დანერგვას საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას და ასევე ტერორიზმისაკენ მოწოდებებთან ბრძოლას. წელს შეიცვალა კიდევ ერთი კანონი, რაც ეხება ცილისწამებასთან ბრძოლას და არასწორ ინფორმაციასთან დამოკიდებულებას, ამასთანავე ბევრი ფუნქცია გადაეცა მარეგულირებელ კომისიას, რადგან აღმოჩნდა, რომ აქამდე დამკვიდრებული თვითრეგულირების მექანიზმები სათანადოდ ვერ პასუხობდა გამოწვევებს, რომელიც არსებობდა ტელესივრცეში. ამ ახალი კანონების მიღების შემდეგ შეიცვალა თუ არა რაიმე საზოგადოებრივ არხში? ვგულისხმობ დაინერგა თუ არა რაიმე ახალი რეგულაციები, კანონის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე. რა პრაქტიკაა? რასთან უწევს გამკლავება საზოგადოებრივ არხს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ობიექტურობა, ნეიტრალობა და რეალურად ასახოს ის გამოწვევები, რაც საზოგადოებაში არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ა.შ სფეროებში?“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით ბევრ ევროპულ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს მაუწყებლობის კუთხით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მედიის რეგულირების კუთხით კანონები უფრო უნდა გამკაცრდეს, რადგან თვითრეგულირების მექანიზმები არ მუშაობს და ის, რაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებად აღიქმება, ევროპულ ქვეყნებში შესაძლოა დაუშვებელი იყოს.
0
0