
საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელი განცხადებები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხაილ გალერის მიერ გაკეთებული განცხადებებით, ნათელი ხდება, რომ ევრობიუროკრატებს საქართველოს წინააღმდეგ სათქმელი არაფერი აქვთ და ისინი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან.
გარდა ამისა, ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გრძელდება და ძლიერდება.
„პოლიტიკას ვინც ადევნებს თვალს და მასში საკმაოდ კარგად ერკვევა, მისთვის ნათელია, რომ გალერის ეს ისტერიული გამოხტომა არაეთიკური გამონათქვამებით გამოირჩევა. ეს ერთ რამეზე მიუთითებს - ევრობიუროკრატებს სათქმელი არაფერი აქვთ და რომ ჰქონდეთ, პირდაპირ ილაპარაკებდნენ იმაზე, რომ აქ დარღვევებია, რაც მიუღებელი და აღმაშფოთებელია. რადგან სათქმელი არ აქვთ, პირდაპირ იარლიყებსა და ამგვარ გამონათქვამებზე გადადიან.
მეორე ნიშანდობლივი მომენტი, რაც შესამჩნევია ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება - ეს ცალსახა და თვალსაჩინოა. ამიტომ, მოსახლეობას მართებს სიფხიზლე, რათა კარგად დაუკვირდეს ვინ რას ამბობს საქართველოში, რადგან ქვეყანაში არეულობის, პროვოკაციების, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები არ დასრულებულა, იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების გეგმები იხილონ საქართველოში მარიონეტული მთავრობა, არ შეცვლილა და ისინი ამას აგრძელებენ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი გალერის განცხადების გარდა, საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართულ კიდევ ერთ ჩანაფიქრზეც საუბრობს, რაც საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს. „გალერის ამ განცხადების გარდა, შემიძლია მოვიყვანო ეუთოს ჯგუფის ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების მცდელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყენაში უნდა ჩამოვიდეს ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც საქართველოში შეისწავლის ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. თავისთავად ეს არაფერს ნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რიმ ასეთი მისიები საქართველოში მრავლად იყო. გამოქვეყნდა ძალიან ბევრი ინდექსი, რომელიც ჰაერზე არ დგება და მას წინ უძღოდა ფაქტების შემსწავლელი მისიები. ეს საკმაოდ პრესტიჟული მისიები იყო, მათ შორის ევროკომისიიდან და საქართველომ ყველა - დემოკრატიული პრინციპების ერთგულების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ისეთი მაღალი სტანდარტი აჩვენა, რომლითაც ეუთოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მდგომარეობას აჯობა.
ის ფაქტი კი, რომ ევროპელი ბიუროკრატები აპირებენ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, მოწმობს იმას, რომ საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. ეს სხვადასხვა გამოვლინება - ევროპარლამენტარის განცხადებები, ფაქტების შემსწავლელი მისიების მოვლინება და სხვა, არის ერთი ხელით მართული პროცესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რაც ძალიან მიმზიდველია გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებისთვის, რომელთათვისაც მიუღებელია ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0