12/06/2023
15:44
საზოგადოება
არქეოლოგიის დოქტორი, გიორგი ლაღიაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
წერილი გიორგი ლაღიაშვილმა spacesnews- ს ექსკლუზიურად მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
წინამდებარე წერილი ეხება, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“, 2023 წლის 21 მაისს გასულ სიუჟეტს. მომიტევოს „ფორმულამ“, არ ვარ მისი მაყურებელი, ამ სიუჟეტს კი სულ ახლახან, შემთხვევით, სოციალურ ქსელში წავაწყდი და ეს არის მიზეზი წერილის მოგვიანებით დაწერისა.
სიუჟეტის სათაურია „მიშენება-დაშენება კახეთის ძეგლებზე“. ვინაიდან ჩემი პროფესიული საქმიანობა სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან არის დაკავშირებული, მოვიკრიბე ნებისყოფა და რაღაც საშინელი ვანდალიზმის მხილების მოლოდინში ბოლომდე ვუყურე ამ სიუჟეტს.
ისე, სანამ გადაცემის ძირითადი თემატიკის განხილვაზე გადავიდოდნენ წამყვანები, დათო ტურაშვილმა მოგვითხრო ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობისა და მასში ჩაძირული ქალაქის შესახებ. აქვე იყო საუბარი სიონის ბაზილიკაზე, რომელიც ახალმშენებლობის დროს, მისი განადგურების თავიდან აცილების მიზნით, გასული საუკუნის 60-იან წლებში სპეციალისტებმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოიტანეს. და აი, აქ თავისი კურიოზული განცხადებებით ჩნდება პიროვნება, ვინმე ცირა ელისაშვილი, რომელიც, მოგვიანებით, ამ სიუჟეტისა და წინამდებარე წერილის მთავარი გმირი გახდება. მოკლედ, ელისაშვილი (რომელიც ხელოვნებათმცოდნე ყოფილა) სიონის ბაზილიკას ახასიათებს „გუმბათოვან ეკლესიად“ (?!) და ამბობს, რომ ის კი უნდა მოეცილებინათ ახალმშენებლობის ზონისათვის, მაგრამ იმავე ხეობაში უნდა დარჩენილიყო, რადგან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისი ადგილი არ არისო. ანუ, ძეგლი ავთენტურია მხოლოდ ივრის ხეობისათვის და ის თბილისში არ უნდა იდგესო. უცნაური ლოგიკაა... აღნიშნულ მუზეუმში თავმოყრილია ეთნოგრაფიული და ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპონატები მთელი საქართველოდან. თუ ელისაშვილის ლოგიკას გავყვებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არ უნდა იდგას არც მეგრული ოდა, არც დოლმენი აფხაზეთიდან და სხვა.
მინდა შევახსენო მკითხველს, რომ, ზოგადად, მუზეუმი არის სივრცე, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის არტეფაქტები (ბუნებრივია, სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან) იყრის თავს. ნებისმიერი მუზეუმისთვის შეუძლებელია რომელიმე ექსპონატი „ავთენტური“ იყოს. მინდა ვკითხო ც. ელისაშვილს: ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტური კოლექცია ავთენტურია ევროპისათვის?
დავანებოთ ამას თავი, და ამ წერილის მთავარ თემატიკაზე გადავიდეთ. სიუჟეტის ავტორი (ზემოთ ხსენებული ც. ელისაშვილი) თავად მოგზაურობს კახეთში, მოივლის რამდენიმე მონასტერს, შესავალში მოკლედ მიმოიხილავს მათ ისტორიას და შემდეგ გვაცნობს თავის შეხედულებებს, თუ რა „საშინელ“ მდგომარეობაშია ეს ძეგლები. მოდით, გავყვეთ ავტორს სამოგზაუროდ.
ალავერდის მონასტერი
ვიწყებთ ალავერდის მონასტრით. სიუჟეტის პირველი კადრია ნისლიანი ხეობა (როგორც მივხვდი, კვეტერის ციხის გადასახედიდან უნდა იყოს აღებული ეს კადრი) და სუბტიტრი: „ნისლიანი მემკვიდრეობა“. ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგებია: მაყურებელში უნდა შეიქმნას უიმედო, აპათიური განწყობა.
ავტორის პირველი, საყვედურნარევი განცხადება შეეხება იმას, რომ არ არსებობს საქართველოდან იუნესკოში ნომინირებული ძეგლების მართვის გეგმა, რომელიც ხსენებულ ორგანიზაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული და ამ გეგმის მიხედვით უნდა ხდებოდეს ძეგლებზე სამუშაოები. ანუ, მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაში წარდგენილ ძეგლზე არანაირი სამუშაო არ უნდა განვახორციელოთ, თუ ეს არ შევათანხმეთ იუნესკოსთან. ამავე გადაცემიდან ვიგებთ, რომ ნომინაციაზე წარდგენილი ქართული ძეგლები, 20 (!) წელია ელოდებიან პასუხს. აქვე ავტორი გვამცნობს, რომ ნებისმიერი, თუნდაც ძეგლისათვის სასიკეთო სამუშაო, იუნესკოსთან უნდა იყოს შეთანხმებული. თან წუხს, თუ ასე არ მოვიქცევით, ჩვენი ძეგლები მათ საცდელ ნუსხაში (იმ ნუსხაში, საიდანაც პასუხს 20 წელია ველით!) ვერ მოხვდებიანო და ეს ლამის ტრაგედიად მიაჩნია. ავტორს მინდა ვუთხრა, რომ ალავერდი არსებობდა იუნესკომდეც და იარსებებს მის შემდეგაც და სულაც არაა ტრაგედია, თუ რომელიღაც ორგანიზაციის რომელიღაც სიაში არ იქნება (იქნებ, პირიქით, უკეთესიც იყოს). ეს ორგანიზაციები თუ ნუსხები იქმნებიან და იშლებიან, ალავერდი კი რჩება... გარდა ამისა, რა უბედურებაა ჩვენი ყველა ნაბიჯის (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ძეგლთა დაცვის სფეროს) უცხოელ პარტნიორებთან (თუ პატრონებთან) შეთანხმება, რა მონური იდეოლოგია გასაზრდოებთ, ვინ მოგწამლათ ასე? რა გამოდის: არ ვიცით, იუნესკოს ძეგლი შეაქვს თუ არა ნუსხაში, პასუხიც არ გვაქვს და მაინც მინიმუმ 20 წლის განმავლობაში მას ხელი არ უნდა ვახლოთ, თუნდაც ინგრეოდეს (?!). აქ პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო: მკითხველო, ეს ხომ არ გაგონებს ნაცნობ სიტუაციას სხვა ასპექტში, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციაში გაწევრიანების მრავალწლიანი მცდელობით ამ ორგანიზაციების წინაშე მხოლოდ კაბალურ ვალდებულებებს ვიღებთ არაფრის სანაცვლოდ? ისიც ცალკე მსჯელობის საგანია, იუნესკოს საცდელ ნუსხაში შეტანა რა სარგებელს („სარგებელში“ ამჟამად ვგულისხმობ მხოლოდ მათ დაცვა-შენარჩუნებას) მოუტანს ჩვენს ძეგლებს. ავტორის ლოგიკით გამოდის, რომ 20 წლის განმავლობაში ალავერდში არაფერი უნდა გაკეთებულიყო. აღსანიშნავია, რომ მონოლოგის ეს ნაწილი ჩაწერილია ტაძრის ეზოში გამოფენილი იმ ბანერების ფონზე, სადაც ასახულია, თუ რა მდგომარეობაში იყო ალავერდი იმავე 20 წლის წინ და რა მდგომარეობაა ახლა... რას ვიზამთ, ქართული ანდაზის არ იყოს: „თუ კაცს არ უნდა, რიყეზე ქვას ვერ ხედავს“...
ავტორის შემდეგი საყვედური ეხება ტაძრის დასავლეთით დალაგებულ საფლავის ქვებს. აქაც ქართული ანდაზა მახსენდება: „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო“. მკითხველისათვის ნათელი რომ გავხადო, თუ რაზეა საუბარი, მოკლედ მოვუთხრობ ამ ქვების ისტორიას:
ტაძრიდან დასავლეთით, 20-30 მეტრის დაშორებით გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც XIX საუკუნის 60-მდე საფლავის ქვაა დალაგებული. ეს ქვები ათწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში იყო გაფანტული, ბალახითა და ხავსით დაფარული. ალავერდში სხვადასხვა დროს წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ადგილნაცვალი იყო, ანუ ეკუთვნოდა უკვე დაკარგულ საფლავებს და ქვების ქვეშ ნეშტები არ დასტურდებოდა. იმისათვის, რომ საფლავის ქვები საბოლოოდ არ დაკარგულიყო, ისინი შეიკრიბა, დალაგდა სპეციალურად გამოყოფილ, თვალსაჩინო ადგილზე. მოხდა თითოეული მათგანის აღწერა, ეპიტაფიების ტექსტების გადმოღება. იმის გამო, რომ საფლავის ქვების უდიდესი ნაწილი გამოქარულია, შეუიარაღებელი თვალით მათზე ეპიტაფიის გარჩევა ჭირს. ამიტომ, მომზადდა ეპიტაფიებისა და ქვებზე არსებული ჩუქურთმების გრაფიკული ასლები. ეპიტაფიათაგან ბევრი ხალხური პოეზიის, ხოლო ჩუქურთმები - ხელოვნების ნიმუშია; თავად ეპიტაფიები კი მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა კახეთის გვართა გენეალოგიის საკვლევად. გრაფიკული ასლების მომზადებით ისინი გადაურჩნენ უკვალოდ გაქრობას. ერთ-ერთ საფლავის ქვაზე, რომელიც სასულიერო პირს ეკუთვნოდა, ამოვიკითხეთ ძალიან ღრმა შინაარსის მქონე პატარა ლექსი, რომელსაც, ვფიქრობ, ნებისმიერი დიდი პოეტი მოაწერდა ხელს:
„ცის მაგიერ მფარავს მიწა, ვმადლობ მასა ვინც მამიწა
წარმკითხველნო გთხოვთ ვედრებით, ღირს მყოთ თქვენგან მოხსენებით
იცით მეც ვიყავი თქვენებრ, ერთ დროს თქვენც იქნებით ჩემებრ“.
ეპიტაფიებზე ამოკითხული გვარ-სახელების იდენტიფიკაციის მიზნით, თელავის უნივერსიტეტის აწ გარდაცვლილი პროფესორი – თეიმურაზ ვახტანგიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალურ საისტორიო არქივში. უზარმაზარი საარქივო მასალა დამუშავდა ამ საფლავების პატრონებისა და ზოგადად, ალავერდის მონასტრის ეზოში დაკრძალულ პირთა ვინაობის მოძიებისათვის.
მთელი ეს მასალა, დაწყებული ეპიტაფიების გრაფიკული ასლებით, დამთავრებული საარქივო მონაცემებით, ცალკე კატალოგად გამოიცა („ალავერდის ნეკროპოლის წარწერები“, ავტორთა კოლექტივი, თბ., 2020 წ.) და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს.
ამრიგად, საფლავის ქვების მოწესრიგება, კვლევა, პატრონების იდენტიფიკაცია და მოხსენიება სიუჟეტში ვანდალიზმად არის წარმოჩენილი, ხოლო მათი ტერიტორიაზე გაფანტვა (თანაც, როგორც ვთქვი, ეს ქვები დაკარგულ საფლავებს ეკუთვნოდა და მათ ქვეშ ნეშტი არ დასტურდებოდა), ბალახითა და ბუჩქნარით დაფარვა და, საბოლოოდ, უკვალოდ გაქრობა – ავთენტური სახის შენარჩუნებად. აქ, ვფიქრობ, მეტი კომენტარი ზედმეტია.
ახალი შუამთის მონასტერი
შემდეგი „გაჩერებაა“ ახალი შუამთის დედათა მონასტერი. აქ პირველი პროტესტი ავტორს უჩნდება ტაძრის აღდგენილ სტოასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს: „ადრე ტაძრის შესასვლელთან უკანონო ფარდული იდგა, ახლა კი ეს მინაშენი დამხვდა“ (ხაზგასმა ყველგან ჩემია – გ.ლ.). ისე, სანამ ავტორის ამ ციტატას განვიხლავდე, ცნობისათვის, მკითხველმა რომ იცოდეს, 2019-2022 წლებში ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია: აღდგა ხსენებული სტოა, გაიწმინდა და გამაგრდა ფრესკები, მოიგო ახალი იატაკი, შეიცვალა სახურავი. ყველა ეს სამუშაო ეფუძნებოდა შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით მომზადებულ პროექტს, რომელიც დაამტკიცა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული იქნა სამუშაოების წარმოების ნებართვა.
ახლა განვიხილოთ საკითხი, რას წარმოადგენს ავტორისეული „უკანონო ფარდული“ და „მინაშენი“? ზემოთ ხსენებული რესტავრაციის პროცესში, ტაძრის დასავლეთ ფასადთან მოწყობილი იყო ხის მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი გადახურვა – ის ტაძრის შესასვლელსა და ფასადს იცავდა ნალექებისაგან, რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი აიღეს. სარესტავრაციო და კვლევითი სამუშაოების პროცესში, მსგავსი დროებითი საკონსერვაციო გადახურვების მოწყობა, ჩვეულებრივ, მიღებული პრაქტიკაა. ეს ყველამ იცის, ვისაც კი შეხება ჰქონია ამ სფეროსთან და, წესით, სიუჟეტის ავტორმაც უნდა იცოდეს. მისი „უკანონო ფარდულად“ მოხსენება საკითხში ნაკლებად გათვითცნობიერებული მაყურებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მით უფრო, რომ ის ვერ იქნებოდა უკანონო, რადგან ამ სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა იყო გაცემული. ასე, რომ სიუჟეტის პირველივე წუთებში ავტორი მაყურებელს უბრალოდ ატყუებს.
რაც შეეხება ც. ელისაშვილის პროტესტის ობიექტს – სტოას (ტაძრის სამმხრივი გარსშემოსავლელი) – XIX საუკუნის შუა ხანებამდე იყო შემორჩენილი. მას აღწერს ყველა მკვლევარ-მოგზაური, ვისაც კი იმ დროს შუამთა მოუნახულებია: ალექსეი მურავიოვი, მარი ბროსე, პლატონ იოსელიანი და სხვ. იმავე ხანებში ტოპოგრაფმა მუსლოვმა შეასრულა მისი ნახაზიც. დასახელებული მასალებიდან ჩანს, რომ იმ დროსვე სტოა ძლიერ დაზიანებული ყოფილა, ხოლო 1855-1860 წლებში საერთოდ მოუშლიათ. ტაძრის სრული მხატვრული გააზრებისათვის ეს სტოა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა თავის ცნობილ ნაშრომში – „Архитектура Кахетии“ – მუსლოვის ნახაზებზე დაყრდნობით მოახდინა მისი გრაფიკული რეკონსტრუქცია (გეგმის დონეზე) და ტაძართან ერთ მთლიანობაში განიხილა. აკად. გიორგი ჩუბინაშვილის დროს სტოა უკვე მიწის პირამდე იყო დანგრეული. თუმცა, ახალი შუამთის არქიტექტურის ყველა მკვლევარი ტაძრის მთლიანი მხატვრულ-სტილისტური გააზრებისათვის მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. აი, რას წერს ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ცნობილი მკვლევარი, აკად. ვახტანგ ბერიძე: „სტოა ერთ მთლიან საფეხურს შეადგენდა ეკლესიის გარშემო, უფრო დასრულებულსა და მონუმენტურ იერს ანიჭებდა მთელ ნაგებობას და, იმავე დროს, აწონასწორებდა მის შვეულ აზიდულობას“. ამრიგად, ტაძრის სრული გეგმის გააზრებისა და სივრცული აღქმისათვის სტოას გათვალისწინება აუცილებელი იყო XX საუკუნის მკვლევარებისათვის და ვინაიდან ის იმ ხანებისათვის დანგრეული იყო, ამას მხოლოდ მუსლოვის ნახაზების მოშველიებით ახერხებდნენ. მადლობა ღმერთს, სტოა ახლა უკვე სრულად აღდგენილია იმავე ნახაზების მიხედვით.
ტაძრის სტოას ისტორიის ეს მოკლე მიმოხილვა იმისათვის დამჭირდა, რომ სიუჟეტში ც. ელისაშვილი აშკარად უკმაყოფილოა მისი აღდგენით და აცხადებს: „ეკლესია მინაშენის (იგულისხმება სტოა – გ.ლ.) აღდგენას იმით ამართლებს, რომ თურმე ადრე აქ ეს ნაგებობა იდგაო“. ფრაზა: „ეკლესია აღდგენას იმით ამართლებს...“ ამ შემთხვევაში შეუსაბამოა. თავის გასამართლებელი ეკლესიას არაფერი აქვს, რადგან სტოას აღდგენა რომელიმე სასულიერო პირის ახირება კი არა, ტაძრის თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯია და ავტორი ამას თუ ვერ აანალიზებს, მის დიდ კოლეგებს, აკად. გიორგი ჩუბინაშვილს და ვახტანგ ბერიძეს მაინც დაუჯეროს.
ჩემს ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ავტორი სიუჟეტში სტოას ყველგან „მინაშენად“ იხსენიებს. შეუძლებელია ხელოვნებათმცოდნემ არ იცოდეს, რომ ტერმინ მინაშენს სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. სტოას ამგვარად მოხსენებით მაყურებელში იბადება აღქმა, რომ ტაძარს რაღაც მიაშენეს უკანონოდ. ეს კი ეხმიანება სიუჟეტის სათაურის პათოსს – ესეც შენი „მიშენება-დაშენება“.
ც. ელისაშვილის შემდეგ შენიშვნას იწვევს გალავანი, რომელიც ტაძრის ეზოსა და სენაკებს ერთმანეთისაგან ჰყოფს. მისი აზრით, ის „აკნინებს“ ტაძარს და აუარესებს მის აღქმას. XIX საუკუნის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ტაძარს ირგვლივ გალავანი აკრავდა. ის, რა თქმა უნდა, არა აღნიშნული პერიოდის, არამედ უფრო ადრეული იქნებოდა; იმ დროის, როდესაც ჟამთა სიავის გამო კახეთში ყველას, ერსა თუ ბერს გამუდმებით უწევდა მომხვდურთან ბრძოლა. ეს გალავანი XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩანს განადგურებული, რადგან ამ დროიდან მასზე აღარც წერილობით წყაროებში იძებნება ცნობა და არც ფოტო საარქივო მასალებში ჩანს. მისი მცირე ნაშთები კი დღემდეა შემორჩენილი. საერთოდ, ახალი შუამთის აღქმა თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის მეორე ნახევრის სიტუაციის მიხედვით, როდესაც აღარ არსებობდა სტოა, ეკლესიის გალავანი და სხვა სამონასტრო ინფრასტრუქტურა, ხოლო გარემოს დომინანტს წარმოადგენდა შვეულად აზიდული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (სტოას დანგრევამ და გალავნის მოშლამ მის ვერტიკალობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი). თუმცა, არსებობს შუამთის მონასტრის 1881 წლის ფოტო, გადაღებული ბელგიელი მოგზაური ქალის, კარლა სერენას მიერ. ამ ფოტოს მიხედვით შუამთის მონასტრის ნახატი შექმნა მხატვარმა ტაილორმა. ამ მასალებში არ ჩანს ტაძრის უპირობო დომინირება. აქ ვხედავთ გალავანს, სამრეკლოს, საწინამძღვრო სახლსა და სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობას, რომლებიც ირგვლივ აკრავს ტაძარს. ანუ, როდესაც მონასტერი მოქმედია, მას თავისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. და რა ვქნათ ახლა, ც. ელისაშვილმა რომ კარგად აღიქვას ტაძარი, დავუბრუნოთ ის XX საუკუნის მდგომარეობას: დავანგრიოთ სტოა, მოვშალოთ გალავანი, სამონასტრო ინფრასტრუქტურა და იქ წვენების ქარხანა გავხსნათ (დიახ, ერთ დროს იქ წვენების ქარხანა ფუნქციონირებდა)?!
გამიკვირდა, ავტორმა რატომ არაფერი თქვა ტაძრის ახალ სახურავზე (2022 წელს გადაიხურა სპილენძით). მაგრამ, მალევე ჩემს გულუბრყვილობაზე გამეცინა და აი, რატომ: XIX საუკუნიდან მოყოლებული, არაერთ დოკუმენტშია საუბარი ტაძარში წყლის ჩადინებაზე. შეიძლება ითქვას, ეს ახალი შუამთის ასწლოვანი პრობლემა იყო, რომელიც ახლა აღმოიფხვრა. და მონასტერში მისულმა ადამიანმა, ვისი მიზანიც არის სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ნადგურდება და პარტახდება ძეგლი, სასიკეთო საქმეზე რატომ უნდა დაძრას სიტყვა? ეს არა მხოლოდ ავტორის, ზოგადად, ქართული „ჟურნალისტიკის“ პრობლემაა.
ძველი შუამთის მონასტერი
გადავინაცვლოთ ძველი შუამთის მონასტერში. აქ ავტორის აღშფოთება ალაყაფის კარიდან იწყება. მიზეზი ჭიშკრიდან ტაძრამდე დაგებული ქვის ბილიკი და კიბეა. მისი სიტყვით, ძველი შუამთის მთავარი ხიბლი აქ არსებული მწვანე მინდორი და ხელშეუხებელი გარემო იყო. მე მაოცებს ავტორის უვიცობა – არა მხოლოდ ძველი შუამთის, არამედ ყველა იმ ძეგლის მიმართ, რომლებიც სიუჟეტშია გაშუქებული. ელემენტარული წინასწარი ინფორმაციის მოძიების გარეშე, იმის ცოდნის გარეშე, თუ რა გაკეთდა და რატომ გაკეთდა, გვესაუბრება თავის აღქმებზე. რაც შეეხება მისი აღშფოთების ობიექტს, ქვის ბილიკსა და კიბეს. ჯერ ერთი, ეს არის ელემენტარული მოწესრიგება ტაძრისაკენ მიმავალი გზისა, რათა მომლოცველმა თუ ტურისტმა მოლიპულ ფერდობზე ტალახში არ იაროს. გარდა ამისა, ის „ხელშეუხებელი მწვანე მინდორი“, რომელსაც ასეთი სენტიმენტებით იხსენებს, წარმოადგენდა ჭიშკრიდან ტაძრისაკენ დაქანებულ ფერდობს. აქედან ჩამორეცხილი წვიმისა თუ თოვლის ნადნობი წყალი პირდაპირ ტაძარში შედიოდა. ამიტომ მოხდა ფერდობის დატერასება (რომელსაც ის „სექტორებად დაყოფას“ უწოდებს) და ამ გზით ნალექების წყლის გადაყვანა გვერდით ჩამომდინარე ბუნებრივ ღელეში. ამით აღმოიფხვრა ნალექების მუდმივი კონცენტრაცია სატაძრო კომპლექსის ირგვლივ. ფერდობის დატერასებამ კი ბუნებრივად გააჩინა ორ-სამ საფეხურიანი კიბეების მოწყობის საჭიროება. აი, ასე, ელისაშვილის აღქმა რომ არ დაირღვეს, ტაძარზე თურმე ნიაღვარი უნდა მივუშვათ.
ზემოთ ვახსენე ავტორის მიერ წინასწარი ინფორმაციის მოძიების გარეშე სიუჟეტის მომზადება. ეს ვლინდება როგორც ტექნიკურ, ისე სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობისას. მაგალითად, დამაჯერებელი ტონით მოგვითხრობს, რომ „ძველმა შუამთამ XVI საუკუნეში ფუნქციონირება შეწყვიტა და ამის შემდეგ აშენდა ახალი შუამთა“. მან არ იცის, რომ რამდენიმე წლის წინ ძველ შუამთაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ეს თეზისი დღის წესრიგიდან მოხსნა. ირკვევა, რომ XVI საუკუნეში მონასტერმა არათუ ფუნქციონირება შეწყვიტა, არამედ იმ დროს მას რესტავრაციაც კი ჩაუტარდა. ახალ სამეცნიერო მონაცემებს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ აკად. ექვთიმე თაყაიშვილი დიდი გუმბათოვანი ტაძრის ფრესკებს XVI საუკუნით ათარიღებდა. ანუ, რა გამოდის, გაუქმებული ტაძარი მოიხატა? თუმცა, ან ძველი ან ახალი სამეცნიერო ინფორმაციის ცოდნას რას ვთხოვ ადამიანს, რომელსაც ლიტერატურული პასაჟი რეალური ისტორიული ფაქტი ჰგონია და ამაზე ქვემოთ მოგახსენებ, მკითხველო.
აქვე, ავტორი გვესაუბრება ძეგლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვიზუალური დაცვის არეალზე (ისე, ცნობისათვის, ძველი შუამთის კატეგორიის ძეგლებისათვის ვიზუალური დაცვის არეალია 500 მეტრის რადიუსი). მაყურებელს უჩნდება მოლოდინი, რომ ძველი შუამთის დაცვის არეალში რაღაც საშინელება ხდება, შენდება გიგანტური კორპუსები ან სხვა რამ ...და კადრში შემოდის მინდორზე დალაგებული ფუტკრის რამდენიმე სკა და კარტოფილის ნათესი... კადრს ავტორის დამაჯერებელი ტონით ნათქვამი ადევს, კანონმდებლობით ამის გაკეთება აკრძალულიაო. ახლა ჩავიხედოთ კანონში და ვნახოთ, აკრძალულია თუ არა ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში კარტოფილის დათესვა ან სკის დადგმა: „ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას“ (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, თავი VIII, მუხლი 36/6). მე ვეკითხები ავტორს, ტაძრიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით დადგმული რომელი სკა აზიანებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და ხელს უშლის ძეგლის აღქმას? თუმცა არა, შემეშალა, მისთვის ეს შეკითხვა არ უნდა დამესვა. მას ხომ ისეთი ფაქიზი აღქმები აქვს, რომ ოღონდ ისინი არ დაერღვეს, წყალსაც წაუღია ძეგლი!
აი, ეს ძეგლების მოჭირნახულე ავტორი აქვე საყვედურობს ალავერდის ეპარქიას, სოფ. ზემო ხოდაშენში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) მდებარე მე-12 საუკუნის ტაძარი ინგრევა და იმავე სოფელში ახალ ეკლესიას აშენებენო. აქაც მაყურებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, აი, რაშია საქმე: ეს დანგრევის პირას მყოფი ტაძარი არ მდებარეობს ხსენებულ სოფელში. ის დგას გომბორის ქედზე, სოფლიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრის დაშორებით, ტყეში. გზა იმდენად მიუვალია, რომ იქ მოსახვედრად ერთდღიანი პატარა ექსპედიცია უნდა დაგეგმო. სოფელს კი სამრევლო ეკლესია სჭირდება რეგულარული წირვა-ლოცვისთვის. სხვათა შორის, თავად ავტორსაც ვერ მოუხერხებია იქ მისვლა და კადრში მხოლოდ ტაძრის ფოტოებს გვიჩვენებს.
ახლა დავუკვირდეთ ავტორის ლოგიკას: ცოტა ხნის წინ აღშფოთდა, შუამთაში ჭიშკრიდან ტაძრამდე მისასვლელი ბილიკის გამო ძეგლის აღქმა მიჭირსო და იმ მთაში რომ ტაძრამდე მისასვლელი 10 კილომეტრიანი გზა გაიყვანონ (რაც თავისთავად სჭირდება რესტავრაციას), ხომ გაფუჭდა ძეგლის გარემო, ხომ დაერღვა ჩემს ავტორს აღქმები და ხომ დავიღუპეთ საერთოდ? საოცარია, ადამიანი, რომელიც მოვლილ და რესტავრირებულ მონასტრებში დადის, აკრიტიკებს ეკლესიას, ეს არ შეიძლება, ძეგლის ავთენტურობა ირღვევაო, და იგივე ადამიანი ისევ ეკლესიას საყვედურობს იმის გამო, ტყეში მიუვალი ტაძრების რესტავრაციას რატომ არ აკეთებთო!
გადავინაცვლოთ კვეტერაზე. აქ ავტორი ბევრს ვერაფერს აკრიტიკებს (ალბათ იმიტომ, რომ აქ მონასტერი არ არის), ეკლესიის რამდენიმე გატეხილ კრამიტზე მიგვანიშნებს და ბოლოს „შემკვრელი“ მონოლოგით ასრულებს სიუჟეტს. ამ ნაწილში ჩემი ყურადღება მიიპყრო კვეტერის ისტორიის თხრობისას მისმა დაჟინებულმა მტკიცებამ – კოლონკელიძეების რეზიდენცია იყო ესო (ამას რამდენჯერმე იმეორებს)?! ნუ, ახლა ასეთი „სპეციალისტის“ ნათქვამში ეჭვის შეტანა ძნელი იქნებოდა, რომ არა ეს ოხერი ისტორიული წყაროები: კოლონკელისძენი, პატივცემულო „პროფესიონალო“, ხორნაბუჯის ერისთავები იყვნენ, მათ კვეტერასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, გარდა კონსტანტინე გამსახურდიას რომანისა!
ამით დაგემშვიდობები, ჩემო ავტორო. იმედი მაქვს, წაიკითხავ ამ წერილს, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგეწონება. მაგრამ რა ვქნა, ასეთია რეალობა და ეს რეალობა თუ ხშირად აღქმებს გირღვევს, არავისი ბრალი არ არის.
სიუჟეტის ზოგადი შეფასება რომ გავაკეთოთ, რიგ შემთხვევებში ავტორი ავლენს ელემენტარულ პროფესიულ უცოდინრობას (მაგალითად: სიონის ბაზილიკის გუმბათოვან ტაძრად მოხსენიება, კვეტერის ერისთავებად კოლონკელიძეების გამოცხადება...), ხშირად კი მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი (ახალი შუამთის რესტავრაციის პროცესში მოწყობილი დროებითი გადახურვის „უკანონო ფარდულად“ გამოცხადება, სტოას „მინაშენად“ მოხსენება...). ამ ყველაფერზე ზემოთ მქონდა მსჯელობა და აღარ გავიმეორებ.
სიუჟეტის ავტორს აქ ვემშვიდობები, მაგრამ წერილს ვერ ვამთავრებ, არ მეთმობა ჩემი მკითხველი, რომელიც მინდა ახლა სტუდიაში გადავიყვანო და ვნახოთ, როგორ შეაფასებს იქ შეკრებილი საზოგადოება ამ სიუჟეტს.
სიუჟეტში თუ ხშირად უბრალო უმეცრებასთან გვქონდა საქმე და მიზანმიმართულად ხანდახან შეყავდა მაყურებელი შეცდომაში, სტუდიაში უკვე ტყუილების მთელი კასკადი წამოვიდა.
ტყუილი პირველი – ალავერდის ეზოში თურმე ფოტოს გადაღება აკრძალულია – ტყუილია! ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იმავე ალავერდის ეზოშია ჩაწერილი სიუჟეტის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, ვინც ბოლო დროს ყოფილა ალავერდში, ყველა დამეთანხმება, რომ ეზოში ფოტოს გადაღებას არავინ კრძალავს. შეზღუდვაა მხოლოდ ტაძარში გადაღებაზე და ამ მხრივ, ალავერდი არ არის გამონაკლისი. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს ყველა იმ ძეგლზე, სადაც ფრესკული მხატვრობაა შენარჩუნებული. მიზეზი? თანამედროვე ფოტოაპარატების ელვა უარყოფითად მოქმედებს საუკუნოვან ნახატზე და თუ კვლევის ან სხვა სპეციალური საჭიროებიდან არ არის გამოწვეული, ფრესკების გადაღება ყველგან იკრძალება. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უაზრო რეგულაციაა, მაგრამ, აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, მკითხველო, ალავერდს, სვეტიცხოველს, გელათს და სხვ. ყოველდღიურად რამდენი ათასი ტურისტი სტუმრობს. ყოველდღიურად რამდენიმე ათასი დასხივება აზიანებს ფრესკებს. მე ამ საკითხის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა პროფესიონალები (ფრესკების რესტავრატორები) ასე ამბობენ.
ტყუილი მეორე – თურმე ალავერდის მონასტერმა ადგილობრივების (იგულისხმება სოფ. ალავერდის მოსახლეობა) საფლავები გაანადგურა. სიტუაცია ასეთია: ალავერდის მონასტრის გალავანს ჩრდილოეთიდან აკრავს სოფ. ალავერდის თანამედროვე სასაფლაო. წლების წინ იმ საფლავებზე, რომლებსაც პატრონები აღარ ჰყავდათ, ეკალ-ბარდი იყო გადასული. სწორედ მონასტრის წყალობით გასუფთავდა ის ტერიტორია მცენარეულობისაგან. საფლავები გამოჩნდა, ხოლო მათთვის ხელი არავის უხლია! აქვე, ალავერდის სასაფლაოზე საუბრის კონტექსტში კიდევ ერთი ტყუილი ჟღერდება – ვითომც ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი ნეკროპოლის საფლავის ქვები სამარხებიდან აიღეს და „დომინოსავით ჩაამწკრივეს“. ამაზე საკმარისად დავწერე და აქ სიტყვას არ გავაგრძელებ.
ტყუილი მესამე – ტურისტულ კომპანიებს ალავერდში ტურისტები აღარ შეყავთ. ნებისმიერს შეუძლია თავად დარწმუნდეს – ტურისტულ სეზონზე იქ ტევა არ არის.
ტყუილი მეოთხე – თურმე „ვიღაც მესანთლეები“ ტურისტებს ლანძღავენ და ძალით აცმევენ კაბებს. მკითხველო, მონასტრის წესია ასეთი: ტერიტორიაზე ქალი შარვლით არ შედის. შესასვლელში არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ზრდილობიანად სთხოვენ ქვედა ბოლო შემოიხვიონ და იქვე აძლევენ ამ კაბებს. სხვათა შორის, მე პირადად ძალიან ხშირად მიდევნებია თვალი ამ პროცესისათვის. არასდროს არავის არავინ გაულანძღავს და რაც მთავარია, არც ერთ უცხოელ ტურისტს არ გასჩენია პროტესტი კაბის შემოხვევაზე. ყოფილა ერთეული შემთხვევები, როდესაც ნეოლიბერალური შხამით ტვინმოწამლულ ქართველს პროტესტი გამოუთქვამს ვითომცდა მისი „თავისუფლების“ თუ „უფლების“ შეზღუდვაზე. მაგრამ, ამ შემთხვევებშიც კორექტულად მიუთითებდნენ, რომ ასეთია წესი. მართლაც, როდესაც იცი, რომ მონასტერში შედიხარ, ისიც უნდა იცოდე, რომ ეკლესია არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი. მას თავისი წესები აქვს და თუკი ასე გულანთებული ხარ ტაძრის მოლოცვითა თუ მოხილვით, კეთილი ინებე და ნახევარი საათი დაემორჩილე ამ წესს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ზრდილობის საკითხია. ესეც არ იყოს, კაბის შემოხვევაზე იმ იდეოლოგიის ხალხი აცხადებს პრეტენზიას, ვინც დღე და ღამე „მიმღებლობას“ და „ტოლერანტობას“ გვიქადაგებს. დალოცვილო, შენი ეს „ტოლერანტობა“ რაღა მაინცდამაინც ეკლესიაზე არ ვრცელდება? ისე, საინტერესო ისიცაა, რომ მე პირადად ახალგაზრდისაგან ამაზე პროტესტი არ მომისმენია. ასეთები, ძირითადად, შუახნის ხალხია, ის თაობა (რომელსაც მეც ვეკუთვნი), რომელიც ნეოლიბერალური საინფორმაციო ნიაღვრის (მე ვიტყოდი, შხამის) ნაკადში „გამოიწრთო“.
კიდევ ბევრი ისაუბრეს, მკითხველო, იქ შეკრებილმა ნეობოლშევიკებმა, რომ ეკლესია ძეგლებზე თვითნებობს, რომ სავაჭრო დუქნებადაა ქცეული, ხალხს მიწას ართმევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისეთი ახალი არაფერი, რასაც ყოველდღე არ ვიგებთ ლიბერალიზმით გამოთაყვანებული თავებიდან ამოფრქვეული აზრებიდან. ამაზე აღარ დავკარგავ დროს და თქვენც არ მოგაცდენთ.
ერთადერთი, დათო ტურაშვილმა გაბედა ეთქვა, ეკლესია ყოველთვის იყო წიგნიერების კერაო და იქვე კინაღამ ჩაქოლეს. ანუ, ამათთვის ახლა ხომ „ცუდია“ ეკლესია და აპრიორში იმის დაშვებაც არ შეიძლება, რომ ადრე „კარგი“ იყო. ამავე გადაცემაში ითქვა, ძეგლს გარკვეული ველური გარემო უხდება და აუცილებელი არ არის ყველგან გზა მიდიოდესო, თუ ასეთი მორწმუნეები ვართ, ფეხით ვიაროთ ეკლესიებშიო (?!). კი მაგრამ, თქვენი იდეოლოგიური პლატფორმა დღედაღამ რომ გაჰკივის „ინკლუზიურობაზე“ და „შშმ“ პირებზე, მათ უფლებებზე, რა ქნას შეზღუდული შესაძლებლობის მორწმუნემ, თუ მართლმადიდებლებზე არ ვრცელდება ეს უფლებები?!
სტუდიაში გამართული მსჯელობა ბოლოს და ბოლოს ამჟღავნებს იმ მიზანს, რასაც სიუჟეტი ემსახურება: ეკლესიაზე თავდასხმა, რომელიც ძეგლებზე მზრუნველობით იფუთება. ამ განცხადების საბუთი რა არის, იცით? ამ (და არა მხოლოდ ამ) პერსონებს არასდროს სიტყვა არ დაუძრავთ კულტურული მემკვიდრეობის საერო ძეგლებზე; რა, ისინი ყველა იდეალურ მდგომარეობაშია? მე მათ დავუსახელებ მაგალითებს, თუ როგორ შეეწირა თელავის, სიღნაღის, ბათუმის რეაბილიტაციას არაერთი ძეგლი, ისიც არა მოუვლელობით ან „უხეში ჩარევით“, არამედ მიზანმიმართულად განადგურებით. ამაზე როდისმე ამოუღიათ ხმა? ამათ მხოლოდ ნგრევა უნდათ, ცოფდებიან, რაღაც სასიკეთო რომ კეთდება! ამბობენ, გარკვეული ველური გარემო უკეთესია ძეგლისათვისო. წამოვიდნენ, გამომყვნენ მე, სავალალო მდგომარეობაში მყოფ უამრავ ციხეს, კოშკსა თუ ნამოსახლარს ვაჩვენებ. გააკეთონ სიუჟეტები, მაგრამ არა, იქ ხომ ეკლესია არ არის და ვერ გალანძღავენ! მე ეკლესიის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მათი მიდგომა, მათი პათოსი და დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ის, რაც ამ პერსონებისათვის „ნისლიანი მემკვიდრეობაა“, სასულიერო პირებისა და უბრალო, მორწმუნე ადამიანებისათვის სულიერი სიმშვიდის ნავსაყუდელია. მათთვის გაუგებარია ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია დღემდე ცოცხალი ორგანიზმია (მათდა სამწუხაროდ) და არა წარსულს ჩაბარებული ისტორიული რარიტეტი. ამიტომაც ებრძვიან ასე გაგიჟებით ყველაფერს, რაც, მათი აზრით, „ძეგლებს ავთენტურობას უკარგავს“. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის უმჯობესია ტაძრის ნანგრევი, მოძღვრისა და მრევლის გარეშე და არამც და არამც მოქმედი მონასტერი თავისი კრებულით ან ეკლესია მრევლით.
ამით დაგემშვიდობები, ჩემო მკითხველო. მეჩვიდმეტე სართულზე შეკრებილთ კი დათა თუთაშხიას ცნობილი ფრაზით მივმართავ; სწორედ ის გამოხატავს ყველაზე უკეთ ამ ადამიანების მდგომარეობას და მათდამი ჩემს სათქმელსაც (იქნებ სიმბოლურია, რომ ფილმში ეს სცენა ალავერდის საეპისკოპოსო სასახლის წინ თამაშდება): „რას შვებით ხალხო, რას, რას გევხართ თუ ხედავთ ამას, ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ? ვერ ხედავთ ამას?!“
გიორგი ლაღიაშვილი
არქეოლოგიის დოქტორი
8.06.2023 წ.
0
0