
აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში, კენტი აცხადებს, რომ „ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა“.
„მე არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ნათელია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ“, - წერს კენტი.
მისი თქმით, ამ ადმინისტრაციის მოღვაწეობის დასაწყისში, ისრაელის მაღალჩინოსნებმა და ამერიკული მედიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა წამოიწყეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელმაც სრულად გამოუთხარა ძირი პლატფორმას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და დათესა საომარი განწყობები ირანთან ომის წასახალისებლად.
„ეს ინფორმაციული იზოლაცია იმისთვის გამოიყენეს, რომ თქვენ დაგეჯერებინათ, თითქოს ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა და თუ ახლა დაარტყამდით, სწრაფი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა მკაფიო იქნებოდა. ეს იყო სიცრუე და იგივე ტაქტიკა, რომელიც ისრაელელებმა ერაყის დამღუპველ ომში აშშ-ის ჩასათრევად გამოიყენეს - ომში, რომელიც ჩვენს ერს ათასობით საუკეთესო ვაჟკაცისა და ქალის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვება“, - დასძინა მან.
0
0