
ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი, – ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კავკასიის მედიცინის ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც პაზოტომ აღნიშნა, 31 წელია, რაც ახლოა ურთიერთობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
„ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით“, – განაცხადა პაზოტომ.
ამასთან, კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კათოლიკე ეკლესიის სახელით, იმ კლინიკაში მივიდა, სადაც ილია მეორეა გადაყვანილი. მათივე ცნობით, ეპისკოპოსი დაესწრო პატრიარქისთვის აღვლენილ ლოცვას, ილოცა მისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.
0
0