
21 იანვარს დილით საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. დაიბომბა ტექსტილშჩიკის მიკრორაიონი, სადაც ქალაქის ბაზარი მდებარეობს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის განცხადებით, დაიღუპა ქალაქის 18 მცხოვრები.
რუსული მედიის ცნობით, სულ მცირე 6 ჭურვი დაეცა კიროვსკის რაიონის ტექსტილშჩიკის მიკრორაიონში მდებარე ბაზრობას, სადაც რამდენიმე სავაჭრო ობიექტია.
დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულები.
უპილოტო თვითმფრინავმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო კუიბიშევსკის რაიონში, სადაც სარემონტო ჯგუფი გათბობის მიწოდების მწყობრიდან გამოყვანილ ქსელზე მუშაობდა. დაიჭრა ერთი მექანიზატორი, ხოლო ექსკავატორი დაიწვა.
კულემზინმა თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. უკრაინის სარდლობას დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ჯარებმა, თავის მხრივ, გასული 24 საათის განმავლობაში 95 თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ.
21 იანვარს გამთენიისას რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის რეგიონიც. ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, საარტილერიო შეტევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
0
0