
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდება მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ მოკლული ალექს პრეტი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელს.
მისივე თქმით, პრეტი „გიჟურად ურტყამდა სამთავრობო მანქანას” და აგრესიულად იქცეოდა.
„აგიტატორის და შესაძლოა, ამბოხებულის, ალექს პრეტის რეიტინგი მკვეთრად დაეცა ახლახან გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც ის ყვირის და სახეში აფურთხებს ICE-ის (საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური) ძალიან მშვიდ და კონტროლირებად ოფიცერს, შემდეგ კი გიჟურად ურტყამს ახალ და ძალიან ძვირად ღირებულ სამთავრობო მანქანას, იმდენად ძლიერად და ძალადობრივად, რომ უკანა ფარი ნაწილებად დაიშალა. ეს იყო შეურაცხყოფისა და რისხვის ნამდვილი გამოხატულება, ყველასთვის თვალშისაცემი, გიჟური და კონტროლიდან გასული. ICE ოფიცერი მშვიდი და გაწონასწორებული იყო, რაც ასეთ ვითარებაში ყოფნა ადვილი არ იყო! კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი, აშშ-ის 37 წლის მოქალაქე ალექს პრეტი 24 იანვარს მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლულ მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლეობა არ გააჩნდა.
0
0