
დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მმა ქვეყანამ გაააქტიურა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი საქართველოში „ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო“ და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დელეგაციის მონაწილე ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.
„ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.
განცხადების მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში 38-მა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ეუთო-ს ვენის მექანიზმი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთების გამოსახატავად და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ დროს „უპასუხოდ დარჩა კითხვები პოლიციის სისასტიკეზე დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში“.
ქვეყნებმა აღნიშნეს, რომ მათი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ეუთო-ს და საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზარდა.
განცხადების მიხედვით, 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პროცესი წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და ოპოზიციის ცხრა ლიდერს მას შემდეგ წაუყენეს ბრალდება.
„ასეთი ნაბიჯი წარმოადგენს დემოკრატიული ნორმების ეროზიის მთავარ ესკალაციას საქართველოში და შეუთავსებელია ეუთო-ს პრინციპებთან და ვალდებულებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ჩამოთვლილია საკითხები, რომლებიც, განცხადების ხელმომწერთა აზრით, შეშფოთებას იწვევს:
„საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას; იურიდიული ქმედებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით; არჩევნების მთლიანობა; დეზინფორმაციის გავრცელება მმართველი პარტიის მიერ; კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ; გამოხატვის, ასოციაციის და მედიის თავისუფლების შეზღუდვები; პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დევნები; სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიების სისტემის განსამტკიცებლად; თავისუფლებააღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობის ბრალდებები; გადაჭარბებული ძალადობა და თვითნებური დაკავებები; ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა, დაშინება. ამ საფუძველზე, ქვეყნები იყენებენ 1991 წლის მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტის მე-12 პარაგრაფს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.
მისიას დაევალება: დოკუმენტირება მოახდინოს ბოლოდროინდელი მოვლენების საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით; შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე; მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ“.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან.
„მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას, მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მისიის ერთი წევრი შეიძლება საქართველომ აირჩიოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ წარმოებული ადამიანური განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან. გათვალისწინებულია რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიტომ მისია თავის ანგარიშში შემოიფარგლება საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილებით, რომლებიც თბილისის კონტროლის ქვეშ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0