29/11/2024
14:19
პოლიტიკა
ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყველაფერს აქვს საზღვარი და მომავალში, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა, შესაბამისი ელჩების მხრიდან თუ ქცევის ცვლილება არ იქნება, მმართველ გუნდს ექნება დიპლომატიური რეაგირება.
„ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.
ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა, შესაბამისი ელჩების მხრიდან, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0