14/06/2023
12:58
პოლიტიკა
“აშშ-ის ელჩის განცხადებამ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა დასკვნა, გარკვეულწილად ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს, გუშინ აღმოჩნდა, რომ ელჩის ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩის განცხადებამ გარკვეულწილად ცუდი როლი შეასრულა მიმდინარე პროცესებში და გააღრმავა პოლარიზაცია.
„ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ჩვენ ვაპირებდით, დავლოდებოდი უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას, გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა ჩვენც უნდა წარვადგინოთო, არადა, ზუსტად ასლი იყო ამ კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ, ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი. სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლება, რომელიც არ წარადგენს კანონპროექტს ვენეციის კომისიაში. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, ველოდებოდით უკრაინულ კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 2022 წლის 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია.
ამასთან, ვენეციის კომისიამ მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინულ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაა: ვენეციის კომისიის 135-ე პლენარულ სესიაზე მიღებული მოსაზრება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღკვეთის შესახებ კანონზე, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ გავლენასთან.
0
0