13/06/2023
18:28
პოლიტიკა
ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინულ კანონპროექტზეც საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინის ანტიოლიგარქიული კანონი არ უნდა იყოს გამოყენებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის და ამის ნაცვლად, სისტემური მიდგომის მიღებაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინა „ოლიგარქიზაციის“ დესტრუქციულ გავლენას „პერსონალური მიდგომის“ დახმარებით ებრძვის, „ოლიგარქების შესახებ“ კანონის მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია აღიარებს, რომ გამონაკლის, უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს გამართლებული, „ოლიგარქების შესახებ“ კანონით გათვალისწინენული ზომები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით. რთულია ამ ზომების პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შეჯერება“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:
- არსებული სისტემური ღონისძიებების, უფლებამოსილებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით მათი ნაკლოვანებების ყოვლისმომცველი ანალიზი
- კონკურენციის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
- მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება
- გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში
- მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა
- პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის დაფინანსების წესებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება
- ძირითადი მარეგულირებელი და ზედამხედველობის ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერება
„იმისთვის, რომ ასეთი ზომები იყოს ეფექტური, ვენეციის კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
რაც შეეხება საქართველოს კანონპროექტზე დასკვნას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
0
0