20/12/2022
19:06
სპორტი
რითი დარჩება ის ჩვენს მეხსიერებაში: პირველი ალბათ იმით, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებოდით - წლის დრო იყო სხვა, მაგრამ ამას ნამდვილად მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენთვის...
უფრო საინტერესო ის არის, რა ზეგავლენას მოახდენს ეროვნულ ჩემპიონატებზე ხანგრძლივი შესვენება ტურნირის მსვლელობაში, როგორ მოახერხებენ ფეხბურთელები სეზონის გაგრძელებას, ჯერ დასვენებას, მერე ფორმის აღდგენას, კლუბურ ცხოვრებაზე გადაწყობას და რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია - ზამთარში დაბრუნებას.
თავიდან ძალიან ნეგატიურად დაიწყო ტურნირი. ნეგატივი დაწყებამდეც იყო ბევრი, რომ კატარელებმა მოისყიდეს მაშინდელი ფიფა და ასე მიიღეს მასპინძლობის უფლება, რომ სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მსვლელობისას, უსაფრთხოების, თუ კლიმატური პირობების გამო ათასობით მუშა დაიღუპა.
რა თქმა უნდა ცეცხლის გარეშე ბოლს ვერ მივიღებთ, მაგრამ უნდა ითქვას რომ კატარელებმა უშუალოდ ტურნირის მასპინძლობა შეძლეს, საკმაოდ კარგ დონეზე. ამას დაემატა დიპლომატიური სკანდალიც, რომელშიც ხუთიოდე წლის წინ გაეხვა კატარი.
საფეხბურთო თვალსაზრისით, ტაქტიკისა და ტექნიკის მიმართულებით, ტურნირს რევოლუციური ძვრები არ მოუტანია, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი სიახლეებიც, რომლებიც თვალშისაცემი იყო. აქედან პირველი, რაც მოხდა, ეს იყო ძირითადი დროის გასვლის შემდეგ წამატებული წუთების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რაც „ვარ“-ის შემოღებისა და ცვლილებების რაოდენობის გაზრდის შემდეგ საკმაოდ სამართლიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია.
სანახაობრივი თვალსაზრისითაც ძალიან ეფექტური გამოდის, 90 წუთზე წამზომის გადაცილება, თითქოსდა სპორტული პისტოლეტიდან გასროლას წააგავს იმ გუნდისთვის, რომელსაც ანგარიშის შეცვლა სჭირდება - ის გადადის შეტევაში და 6-10 წუთი უკვე 2-3 შეტევის განხორციელების საშუალებას აძლევს.
და დამატებული დროის გაზრდის კიდევ ერთ მიზეზს, ჩემი აზრით აბსურდულს, დავამატებ - მსაჯებს მიეცათ მითითება ყოველ სტანდარტულ სიტუაციაზე ფეხბურთელებს თავიდან აუხსნან რისი უფლება აქვთ და რისი არა.
თვითონ ჩემპიონატი საკმაოდ ტოლერანტული გამოდგა, -ნაკლები იყო უხეშობა წინასთან შედარებით.
ასევე, ნაკლები იყო მსაჯების შეცდომებიც, რომლებიც, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ნაკლები და არც ისე სკანდალურები. რაშიც „ვარ“-საც დიდი წვლილი მიუძღვის.
რა თქმა უნდა, ტურნირს ჰყავდა ლაურეატები და რეკორდსმენები. თვითონ ტურნირმაც სასახელო რეკორდი დაამყარა 172 გატანილი გოლით, და 1 გოლით გააუმჯობესა 1998 და 2014 წლის შედეგიაობა. თან ეს იყო პირველი ტურნირი, რომელიც ჩატარდა აბსოლუტური მონარქიის ქვეყანაში.
პირველად იმ ქვეყანაში, რომელიც აქამდე არასდროს გასულა ფინალურ ეტაპზე, და ლოგიკურიც იყო, რომ პირველად მასპინძელმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოიპოვა ქულა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს მესი და მას მეორედ (პირველად 2014 წ) გადასცეს ოქროს ბურთი.
მეორე ადგილზე მბაპე და მესამეზე მოდრიჩი დასახელდნენ.
მესი მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირ კილიან მბაპეს, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ და საუკეთესო მეკარედ ასევე არგენტინელები შესაბამისად - ენცო ფერნანდესი და ემილიანო მარტინესი დასახელდნენ.
ფეირ-პლეის პრიზი ინგლისელებს გადაეცათ, რომლებმაც 5 თამაშში მხოლოდ 1 გაფრთხილება მიიღე. ისიც ბოლო მატჩის ბოლო წუთზე.
მარტინესმა კი გაგვაოცა პრიზის ჩაბარების ცერემინიით, დაგვანახა საკუთარი თავი, მერე კი ახსნა მაგ მომენტში ფრანგები რაღაცეებს მიყვიროდნენო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას. კიდევ კარგი ეს პრიზი გარდამავალი არ არის, თორემ შემდეგ ჩემპიონატზე ალბათ ყველა მეკარე უარს იტყოდა მის ჩაბარებაზე.
სხვთაშორის, მარტინესი 10 წლის წინ იდგა „არსენალის“ კარში იმ უცნაურ თამაშში, როცა „არსენალმა“ დამატებით დროში 7-5 მოუგო „რედინგს“ გასვლაზე. არადა 37-წუთისთვის 0-4-ს აგებდა. 7 გოლიდან „არსენალმა“ 4 გოლი პირველი, მეორე და მეორე დამატებითი ტაიმების კომპენსირებულ დროში გაიტანა, თითოც მატჩისა და პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე. მხოლოდ 1 გოლი გავიდა ტაიმის შუაწელში და ეს მარტინესის მეტოქემ ფინალურ მატჩში ჟირუმ მოახერხა.
ფიფამ 2 სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა: ერთი გულშემატკივართა მიერ არჩეული, მეორე კი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
ხმის მიცემით ასეთი ნაკრები შედგა:
მეკარე - ლივაკოვიჩი
მცველები - აშრაფ ჰაკიმი, ტიაგუ სილვა, გარი მაგუაირი, ტეო ერნანდესი
ნახევარმცველები - კაზემირო, ჯუდ ბელინგემი, ანტუან გრიზმანი
თავდამსხმელები - ლიონელ მესი, ბრუნუ ფერნანდეში, კილიან მბაპე
სტატისტიკური მოაცემებით:
მეკარე - ლივაკოვიჩი
მცველები - დეილი ბლინდი, გარი მაგუაირი, იბრაიმა კონატე, იოსიპ იურანოვიჩი
ნახევარმცველები - კოდი გაპკო, კაზემირო, ანტუან გრიზმანი
თავდამსხმელები -კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ბრუნუ ფერნანდეში
ამ ჩემპიონატს ერთი პლიუსიც ჰქონდა, ჩვენ 4 კი არა, არამედ სამნახევარი წლის ლოდინი მოგვიწევს მომავალი ჩეპიონატისთვის.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0