11/12/2023
15:36
მსოფლიო
გამოკითხვის თანახმად, დასავლეთის შვიდ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები აცხადებენ, რომ დემოკრატია სათანადოდ ვეღარ მუშაობს.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, Ipsos-ის მიერ შვიდ დასავლურ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში დემოკრატია გაუარესებულია. გამოკითხვაში მონაწილე ყოველი ათი ამერიკელი რესპონდენტიდან შვიდი ამბობს, რომ აშშ-ში დემოკრატიამ უკუსვლა განიცადა.
ანალოგიური მოსაზრება აქვს საფრანგეთში გამოკითხულ მოქალაქეთა 73%-ს. დიდ ბრიტანეთში კი ყოველი ათი მოქალაქიდან ექვსი აცხადებს, რომ, გასულ წლებთან შედარებით, მათ ქვეყანაში დემოკრატია სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს.
კვლევის მიხედვით, შვიდი ქვეყნიდან ექვს ქვეყანაში მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან დემოკრატიით და გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ სისტემა „გაყალბებულია“, უპირატესობას ანიჭებს მდიდრებს და ძალაუფლების მქონე პირებს. მმართველობის სისტემით კმაყოფილება მხოლოდ შვედეთში გამოთქვეს. კმაყოფილებას გამოთქვამს შვედეთში გამოკითხულთა 58 პროცენტი.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირს, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა დემოკრატიის მდგომარეობით. ამასთან, რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ შეუძლიათ, იქონიონ გავლენა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე.
Ipsos-მა გამოკითხვა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს აშშ-ში, ხორვატიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ჩაატარა.
0
0