
“ასეთ თავხედურ ჩარევას კრემლიც კი არ კადრულობს. მხოლოდ უსამშობლოს შეიძლება მოსწონდეს. დასაბარებელია საგარეოში!” - ასე გამოეხმაურა სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას.
"გერმანიის ელჩი, რომელიც მამუკა ხაზარაძის სახლს ქირაობს და არავინ იცის ვინ ვის რამდენს უხდის, თავხედურ განცხადებას აკეთებს, ღიად ერევა საარჩევნო პროცესში.
ასეთ თავხედურ ჩარევას კრემლიც კი არ კადრულობს.
მხოლოდ უსამშობლოს შეიძლება მოსწონდეს.
დასაბარებელია საგარეოში!" - წერს სალუქვაძე
ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება.
„თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გარანტირებული. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან, რაც სიმართლეა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება იურიდიული პროცესია. აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს და მისი არსებობის პირობებში საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
გარდა ამისა, ელჩმა ისაუბრა მთავრობის ბოლოდროინდელ რიტორიკაზე დასავლელი პარტნიორების მიმართ და მას „არამეგობრული“ უწოდა.
„იყო ძალიან არამეგობრული რიტორიკა ყოფილ საუკეთესო მეგობრებთან: გერმანიასთან, ევროკავშირთან, სხვა ევროკავშირის წევრ ქვენებთან და აშშ-სთან, რომელთა მიმართაც ბევრი რამ ითქვა, რაც დამახასიათებელი არ არის პარტნიორი ქვეყნებისთვის. მე დიპლომატიურად ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ დამახასიათებელი არ არის.
მე ვგულისხმობ, რომ გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს, ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა, მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის“, – აცხადებს პიტერ ფიშერი.
პიტერ ფიშერმა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად.
„თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ რატომ მიდის ამდენი ქართველი ევროკავშირში? – სინამდვილეში, მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
გერმანიის ელჩმა ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მივიდნენ და ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
0
0