13/11/2024
15:27
ტაბლოიდი
მსახიობი, რეჟისორი ირაკლი კავსაძე თავის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. იგი ბოლო პერიოდში თეატრს ჩამოშორდა, თუმცა საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს:
„ამერიკაში წასვლა რომ გადავწყვიტე, უბედურ დღეში ნამდვილად არ ვიყავი... უბრალოდ, ამერიკა მაინტერესებდა და ჩემს ჯგუფელებს სათითაოდ რომ დაუაროთ, ყველა გეტყვით, რომ პირველი კურსიდან ირაკლი კავსაძე ამერიკაზე ლაპარაკობდაო... ყველაფერი თუ არ მქონდა, უსაქმური ხომ ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ იყო ისეთი რაღაცები, რაც მაკლდა.
თითქოს ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლენა მაკლდა, ეს გახლდათ, ჩემო ბატონო! რა თქმა უნდა, კახი კავსაძის, ბელა მირიანაშვილის გავლენა ძალიან დიდია. ცოტა არ იყოს ვღიზიანდები, როდესაც კახის შვილს მეძახიან. მივუტრიალდები და მივმართავ, ჩემი სახელი და გვარია - ირაკლი კავსაძე და არა კახის შვილი, თუ შეიძლება ირაკლი კავსაძედ გააცანით ხალხს ჩემი თავი და მერე თუ გინდათ დააყოლეთ-მეთქი... თუმცა შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ამერიკაში რომ ჩამოვიდა კახი, მანდ როლები შეიცვალა და გახდა - „Iko s Father“...
ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ბევრი პროფესია შევიძინე, ბევრ რამეს ვეზიარე, ერთ-ერთი მუსიკაა. თეატრის სპექტაკლების ძალიან დიდი ნაწილი ჩემი გაფორმებულია. ამან გარკვეული გამოცდილება მომცა, გავკადნიერდი, გავთამამდი და შეიძლება ითქვას, კომპოზიტორობაც შევითავსე... ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა ვიცი, საკრავებზე ვუკრავ, თუმცა მუსიკით ვცხოვრობ... მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მიმიღია, შემიძლია მუსიკალური გემოვნება განვსაზღვრო, მუსიკაზე ვისაუბრო.
მამის რჩევას არ დავუჯერე, ყური არ ვუგდე და მუსიკალური სასწავლებელი არ დავამთავრე... მეუბნებოდა, - ის კი არ მინდა, მუსიკოსი გამოხვიდე, უბრალოდ, ნოტების წაკითხვა იცოდე, წარმოდგენა გქონდესო... იმის კომპლექსი, უბანში რას იტყვიან-მეთქი, ხელს მიშლიდა. ჩემი ნატურით „ძველი ბიჭი“ არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა „ბირჟავიკი“, იცოცხლეთ, კი! ღვთის მადლით, სკოლიდან მოყოლებული, საძმაკაცოც ასეთი მყავს.
დღეს ამერიკაში ვმუშაობ ერთ-ერთ სადისტრიბუციო, ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში, სადაც არაერთი ქართული ღვინო შემოაქვთ. ამ სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა მიწევს (ფესტივალები, დეგუსტაციები). სადაც ქართული ღვინოა, იქ საქართველოზეა საუბარი. ამიტომ საქართველოსთან მუდმივი კავშირი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ჩვენ შორის მუდმივად არსებობს ჯაჭვი...“ - განუცხადა ჟურნალ "გზას" ირაკლი კავსაძემ.
0
0