
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და აღმოჩენებით აღსავსე, საინტერესო და, ამავდროულად, ნაყოფიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებას უსურვებს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვას!
სტუდენტობა, თქვენი ცხოვრების ეს სრულიად ახალი ეტაპი, არის დრო, როდესაც ცოდნის მიღებასთან ერთად ყალიბდება პროფესიული ხედვა, პასუხისმგებლობა და ის ღირებულებები, რომლებიც მომავალში თქვენს წინსვლას განსაზღვრავს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ, წარმატებით გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც უკვე თქვენი უნივერსიტეტი გთავაზობთ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, რაც ქვეყნის საინჟინრო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. თქვენ წინაშე იხსნება შესაძლებლობა, მიიღოთ თანამედროვე განათლება, დაეუფლოთ მოთხოვნად, მომავალზე ორიენტირებულ პროფესიებს, ჩაერთოთ სამეცნიერო თუ კვლევით საქმიანობაში და საკუთარი ცოდნითა თუ შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ გელით გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მიღებაა. სტუდენტობის წლები მოგცემთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საუნივერსიტეტო სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო-კვლევით პროექტში. ამასთანავე, თანამედროვე, განახლებული აუდიტორიები და ლაბორატორიები ხელს შეგიწყობთ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენოთ.
უნივერსიტეტის განვითარების, ხარისხისა და საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი დასტურია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში 3 ვარსკვლავი მიენიჭა და იგი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა. ეს წარმატება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ თქვენ სწავლას იწყებთ უნივერსიტეტში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქმნის თანამედროვე საგანმანათლებლო-კვლევით გარემოს და სტუდენტებს წარმატებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს სთავაზობს.
დღეს თქვენ პროფესიული მომავლის შესაქმნელად გზის გაკვალვას იწყებთ. გამოიყენეთ უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე ცოდნის მისაღებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის აღმშენებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე ზურგი გაგიმაგროთ და ხელი შეგიწყოთ პროფესიულ განვითარებაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას, გისურვებთ წარმატებულ საუნივერსიტეტო წლებს, წინსვლასა და მშვიდობიან მომავალს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში!“ - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვის წერილში.
0
0