
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა.
მინისტრმა გენადი კერძევაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„დღეს სააგენტოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას, რაც ახალ შემართებასა და ენერგიას მოითხოვს. გენადი კერძევაძე სამინისტროს სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად იცნობს სამინისტროს გუნდსა და მის საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი, ენერგია და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და ახალი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები და დასახული მიზნები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესრულდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი და თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გენადი კერძევაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში და სხვა ორგანიზაციებში.
2017-2026 წლებში გენადი კერძევაძე შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული და ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობებზე. ბოლო პერიოდში იგი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
გენადი კერძევაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სააგენტოს გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელებს დასახული მიზნებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვასა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგს, მონაწილეობს მიწის მდგრადი მართვის, ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების, ასევე ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.
0
0