27/06/2023
15:14
მსოფლიო
ამერიკული მედიის ცნობით, CNN-მა და BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა ახალი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც შეიცავს აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუბრის ახალ დეტალებს - თეთრი სახლის დატოვების შემდეგ საიდუმლო ინფორმაციასთან არასათანადოდ მოპყრობის შესახებ.
ჩანაწერში ისმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: „ეს უაღრესად კონფიდენციალური დოკუმენტია. ეს სამხედროებმა მე გადმომცეს. როგორც პრეზიდენტს, შემეძლო მისი გასაიდუმლოება. ახლა, როგორც იცით, მასზე ხელი არ მიმიწვდება, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ კონფიდენციალურად ითვლება.“
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარში დონალდ ტრამპი მიუთითებს იმაზე, რომ მის ხელთ არის პენტაგონის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ირანზე თავდასხმასთან.
გასულ კვირას Fox News-თან ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო, რომ, მან ბედმინსტერში გამართულ შეხვედრაზე, საიდუმლო დოკუმენტები იმ ადამიანებს აჩვენა, რომლებსაც არ ჰქონდათ მათი ნახვის უფლება.
„დოკუმენტი არ არსებობდა. უბრალოდ, ეს იყო ბევრი ინფორმაცია, სადაც ირანზე თავდასხმასა და სხვა საკითხებზე იყო ლაპარაკი“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ის გულისხმობდა „გაზეთებსა და ჟურნალებში დაბეჭდილ ამბებსა და სტატიებს“.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს. ის ბრალს არ აღიარებს. ტრამპი მაიამის სასამართლოს წინაშე 13 ივნისს უნდა წარდგეს.
0
0