
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ისტორიაში საიდუმლო მასალის ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაში ბრალდებულ პროგრამულ ინჟინერ ჯოშუა შულტეს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ეიბისინიუსი“ იტყობინება.
მედიასაშუალება წერს, რომ 35 წლის შულტემ WikiLeaks-ს CIA-ს საიდუმლო მასალები გადასცა, რომლებიც ცნობილია როგორც Vault 7, რასაც საქმეში ჩართული პროკურორები „ჯაშუშობის აქტის ყველაზე საზარელ და მასშტაბურს უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში“.
შულტეს პროცესები 2022 წლიდან მიმდინარეობს.
WikiLeaks-მა 2017 წლის 7 მარტიდან დაიწყო CIA-ს საიდუმლო მასალების მონაცემების გამოქვეყნება.
CIA-მ განაცხადა, რომ შულტემ პირდაპირი საფრთხის წინაშე დააყენა CIA-ს პერსონალი და საფრთხე შეუქმნა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ შულტეს მხრიდან ინფორმაციის გაჟონვის მოტივი ალტრუიზმი არ ყოფილა.
პროკურორების განცხადებით, ეს იყო შურისძიების მოტივი ზემდგომების მიმართ.
შულტე ასევე გაასამართლეს გასულ სექტემბერს ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით.
„დღეს ჯოშუა შულტე სამართლიანად დაისაჯა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ღალატისთვის, არამედ ბავშვთა საშინელი პორნოგრაფიული მასალის არსებითი ფლობისთვის”, - თქვა FBI-ის დირექტორის თანაშემწემ ჯეიმს სმიტმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.
ინფორმაციისთვის, ჯოშუა შულტე CIA-ში პროგრამული ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა.
0
0