
განათლების მინისტრის ბრძანებით, ეთიკის კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინო გოგიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს არის“, – განაცხადა გოგიამ.
მისი თქმით, როდესაც სტუდენტებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი დაეგზავნათ, სადაც ნახსენები იყო, რომ იმართებოდა კომისიის სხდომა, რაზეც განიხილებოდა შეწამვლის საკითხი, დაკონკრეტებული არ იყო, ვის ეხებოდა და რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა, რომ მათ სტატუსი შეწყვეტოდათ და ა.შ.
„ჩვენ მოვითხოვეთ არაერთხელ და, მათ შორის, დღეს შევიტანეთ განცხადება, რომ მივიღოთ დასაბუთება, რას გვედავებიან კონკრეტულად. იმიტომ, რომ ამ განცხადების მერე რომ სტატუსი აღარ გვიწყდება, ამ განცხადებაში წერია ასევე ისიც, რომ მივიღეთ გაფრთხილება, თუმცა რასთან დაკავშირებით მივიღეთ ეს გაფრთხილება, დღემდე უცნობია ჩვენთვის და დღემდე ველოდებით უნივერსიტეტისგან, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ“, – განაცხადა გოგიამ.
როგორც სტუდენტმა აღნიშნა, თავიდან თუ ისინი თვლიდნენ, რომ სტატუსი არ უნდა შეწყვეტოდათ, რა თქმა უნდა, ახლაც ასე თვლიან და არ იღებენ არც გაფრთხილებას, რადგან „ეს ქმედება სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია“.
„დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, კანონს და, მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას“, – განაცხადა გოგიამ.
ნინო გოგიამ ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს სინდისის ყველა პატიმარს.
მისი თქმით, უნივერსიტეტში მომუშავე არაერთი ადამიანი მათ პროტესტს ყოველ ჯერზე უშლიდა ხელს. ამასთან, ასევე განაცხადა, რომ მათთვის საჭმლის მიწოდებაც პრობლემა იყო.
„ბანერები როცა ჩამოვკიდეთ, იყო შემთხვევა, როცა ჩაკეტეს კარი. მე და თემო შიგნით ვიყავით მაგ პერიოდში, დაახლოებით 72 ან 70 საათი და საჭმლის შემოწოდებაზე გვითხრეს, რომ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ და არც ერთმანეთის ჩანაცვლების უფლებას არ მოგვცემდნენ. გვითხრეს, ზუსტად ვციტირებ, ღრიჭოდან შემოგაწვდით საჭმელსო, კარის ღრიჭოზე იყო საუბარი“, – განაცხადა გოგიამ.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაადასტუა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა.
0
0