
ამერიკის შეერთებულ შტატებს რეზოლუციაში რა უნდა ჩაეწერა, შეგვიძლია, ეს ამერიკას ვკითხოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი, რის გამოც რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ მისი მთავარი არსი მშვიდობისკენ მოწოდებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დაწყებისთანავე „ჩვენი მთავარი მოწოდება მშვიდობისკენ იყო, რადგან უკრაინის მშვიდობა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობა არ არის, ეს მშვიდობას მთლიანად რეგიონში ნიშნავს“.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეზოლუციას კენჭისყრაზე მხარს დავუჭერთ. რეზოლუციას რამდენიმე თანაინიციატორი ჰყავს, ჩვენ პირველები ვიყავით. ვინ დაუჭერს მხარს, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება, მაგრამ სამი წელია ომის დაწყებიდან და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ვამბობდით, რომ ეს კინო ნანახი გვქონდა. ეს მხოლოდ იმას არ ეხებოდა, რომ, ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, ჩვენი ბუჩა, მარიოპოლი გვქონდა გაგრის თუ თამარაშენის სახით. ჩვენ ეს ნაგლოვი გვქონდა და ვიცოდით, რა ტრაგედია დატრიალებოდა უკრაინაში. როცა ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, ეს ომის დასასრულსაც ეხებოდა. სამწუხაროდ, იმის გამეორება ხდება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს დედამიწაზე არაფერი მომხდარა. შეიძლება ეს ვიღაცისთვის არასასურველია და გვესმის, რომ წარმოუდგენელ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ, სინამდვილეში, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების ანაბანა იცის, აქ არაფერია წარმოუდგენელი.
დიახ, მიუღებელია და, ზოგ შემთხვევაში, ამორალურიც, მაგრამ ეს არის რეალობა. თუმცა სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადაგვედო და გადაწყვეტილებები პრაგმატულად მიგვეღო. სამწუხაროდ, იგივე განმეორდა, რაც 2008 წელს, და საქართველოს ხელისუფლებამ რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0