16/08/2023
02:14
კულტურა
Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტის დროს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მსმენელებს ბოდიშს უხდის.
„ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“, — The Killers-ი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, “ბლეკ სი არენაზე” გამართულ კოცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.
ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა.
0
0