23/06/2023
14:52
პოლიტიკა
ციფრები აჩვენებს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ზრდას, თუმცა ჩვენ არ გვაქვს სანქციების დარღვევის მტკიცებულებები, – ამის შესახებ ქართულ მედიასთან შეხვედრისას გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, სვენ გიგოლდმა განაცხადა.
შეხვედრისას სვენ გიგოლდს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ჰკითხეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა საქართველოსა და ევროპის ქალაქებს შორის ავიარეისების ნაკლებობის გამო.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე. მირჩევნია, ვისაუბრო სხვა ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირი ფრენების ნაკლებობაზე. ეს არის ჩვენი საქმე. მე შეშფოთებული ვიქნებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სანქციები იქნებოდა დარღვეული და ჩვენ ამის მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ციფრები, რომლებიც აჩვენებს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ზრდას, განსაკუთრებით, მანქანებით ვაჭრობის კუთხით. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს სანქციების დარღვევის მტკიცებულებები“, – განაცხადა სვენ გიგოლდმა.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას და ამ მხრივ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს ძლიერი პროგრესის მიღწევას საერთო ღირებლებების, კანონის უზენაესობის მხრივ, როგორც ეს აღნიშნულია 12 რეკომენდაციაში. გერმანიას სურს პოზიტიური დასკვნა დეკემბერში. ვიმედოვნებ, რომ მომავალ თვეებში ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლეები, რომლებიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის საბჭოს, მიაღწიოს პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სვენ გიგოლდმა.
სვენ გიგოლდი საქართველოში ვიზიტით 19-22 ივნისს იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენდა გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი.
0
0